სლოვენიაში მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა
სლოვენიაში მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა

სლოვენიის დედაქალაქში ათასობით ადამიანმა ანტისამთავრობო დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა. აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ იანეზ იანშას მემარჯვენე-ცენტრისტულ მთავრობას დემოკრატიის ხელყოფაში ადანაშაულებენ.

ლიუბლიანას ცენტრში გამართული საპროტესტო მსვლელობის მონაწილეებმა მთავრობის გადადგომა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვეს.

დემონსტრანტების მტკიცებით, პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის პანდემიას სამოქალაქო უფლებების, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვებისა და მედიაზე ზეწოლისთვის იყენებს.

გასულ კვირას მთავრობამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საზოგადოებრივი შეკრებები 100-დან 10 ადამიანამდე შეზღუდა. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, აღნიშნული განკარგულება ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლოდროინდელ გადაწყვეტილებას გადაადგილების შეზღუდვისა და საზოგადოებრივი შეკრებების აკრძალვის გაუქმების შესახებ.