„სლოვანმა“ „დუნაისკა სტრედა“ დაამარცხა - ქართველებმა შეცვლაზე ითამაშეს #1TVSPORT
სლოვაკეთის ჩემპიონატში ორი ისეთი გუნდი დაუპირისპირდა, რომლებსაც ქართველი გულშემატკივრებისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელები ავარჯიშებენ. ვლადიმირ ვაისის ბრატისლავის „სლოვანი“ ჩისკო მუნიოსის „დუნაისკა სტრედას“ დაუპირისპირდა და 2:1 დაამარცხა.
გურამ კაშია და ჯაბა კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-18 ტურის მატჩში ბრატისლაველების სათადარიგოთა შორის მოხვდნენ და შეცვლაზე ითამაშეს. კანკავა მოედანზე 85-ე წუთზე შევიდა, ხოლო კაშია – 90+3-ეზე. ამ დროისთვის „სლოვანი“ ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობდა.
ანგარიში 24-ე წუთზე ბრატისლაველების ხორვატმა ნახევარმცველმა, მარკო ტოლიჩმა გახსნა, მაგრამ ტაიმის ბოლოს „დუნაისკა სტრედას“ თავდამსხმელმა, მატეი ტრუსამ ანგარიში გაათანაბრა. გადამწყვეტი გოლი 61-ე წუთზე გავიდა – მარკო ტოლიჩმა დუბლი შეასრულა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„სლოვანმა“ მე-18 ტურის შემდეგ 45 ქულა დააგროვა და სლოვაკეთის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.