„სლოვანის“ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე წარმატებული კაპიტანი - ბათუმის „დინამოს“ მეტოქე ბოჟიკოვმა დატოვა #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ მეტოქე, ბრატისლავას „სლოვანი“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კაპიტანმა ვასილ ბოჟიკოვმა დატოვა – ინფორმაცია ჯერ თავად მოთამაშემ გაავრცელა, შემდეგ კი კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.
„ხუთი წელი სწრაფად გავიდა. რამდენი კარგი მოგონება დამიგროვდა. ჩემი პირველი თასი, ახალი სტადიონის გახსნა 22000 გულშემატკივრის წინაშე, დაუვიწყარი მატჩები კონფერენს ლიგაზე, ზედიზედ ოტხი ლიგის ტიტული და 150-ზე მეტი მატჩი. „სლოვანისთვის“ – მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთანაც ვიმუშავე ამ ხნის განმავლობაში! მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარს გვიჭერდა მე და ჩემს გუნდს“, – წერს ბოჟიკოვი.
ვასილ ბოჟიკოვი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისი დამატებითაც „სლოვანში“ ამბიციური გუნდის მშენებლობა დაიწყო. ის იყო ბრატისლავას გუნდი ლიდერი, რის გამოც გახდა კაპიტანი. 34 წლის ფეხბურთელი ბულგარეთის ნაკრების წევრი გახლდათ. „სლოვანში“ ხუთი წელი თამაშობდა და 156 მატჩი ჩაატარა.
ვასილ ბოჟიკოვის სტაბილურობაზე მოწმობს ის ფაქტი, რომ სლოვაკეთის ჩემპიონატის სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ზედიზედ სამჯერ მოხვდა – 2019, 2020 და 2021 წლებში, ბულგარეთის ნაკრებში 38 მატჩი ჩაატარა და რამდენიმეჯერ გუნდი მოედანზე კაპიტანის სამკლაურით გაიყვანა.
ვასილ ბოჟიკოვმა ოთხჯერ მოიგო სლოვაკეთის ჩემპიონობა (2019, 2020, 2021, 2022), ხოლო სამჯერ – სლოვაკეთის თასი (2018, 2020, 2021). ორჯერ ითამაშა ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე, ერთხელ – კონფერენს ლიგის ჯგუფში. ამ თვალსაზრისით, ის ბრატისლავის „სლოვანის“ თანამედროვე ისტორიაში ყველაზე წარმატებული კაპიტანია.