სლოვაკი ექიმების ცნობით, რობერტ ფიცოს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, სლოვაკეთის პრემიერი გონზეა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება
სლოვაკი ექიმების ცნობით, რობერტ ფიცოს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, სლოვაკეთის პრემიერი გონზეა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა.

სლოვაკი ექიმების ინფორმაციით, ორსაათიანი ოპერაციის შემდეგ, რობერტ ფიცო გონზეა, მაგრამ მძიმე მდგომარეობაში იმყოფება და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.

„ყველაფერი ისე მიდის, როგორც მოსალოდნელია ასეთი კრიტიკული მდგომარეობის დროს, რომელსაც პრემიერი ებრძვის“, – განაცხადა ქალაქ ბანსკა-ბისტრიცას საავადმყოფოს დირექტორმა, მირიამ ლაპუნიკოვამ.

პარალელურად, სლოვაკეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სამინისტროები დაკისრებულ მოვალეობას ასრულებენ, ქვეყნის ფუნქციონირება არანაირად არ არის შეჩერებული და ყველა პროცესი გრძელდება.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რობერტ ფიცოს 15 მაისს 71 წლის მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ფიცოს უკვე რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა. 20 მაისს ექიმთა კონსილიუმი მისი სხვა საავადმყოფოში ტრანსპორტირების შესაძლებლობის საკითხს გადაწყვეტს.