სლოვაკეთში კორონავირუსზე ტესტს ყველა მოქალაქეს ჩაუტარებენ. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ოთხი დღის განმავლობაში 10 წელზე ზემოთ ასაკის ყველა მოქალაქეს ტესტირების გავლა მოუწევს. როგორც ქვეყნის მთავრობაში აცხადებენ, მასობრივი ტესტირების პროცესი უქმე დღეებში ჩატარდება. სლოვაკეთში მიიჩნევენ, რომ ამ მეთოდის წარმატების შემთხვევაში, მისი გამოყენება სხვა ქვეყნებსაც შეეძლებათ.
სლოვაკეთის მთავრობა იმედოვნებს, რომ საყოველთაო ტესტირების ჩატარების შემდეგ, კარანტინის გამოცხადება და შეზღუდვების გამკაცრება საჭირო აღარ გახდება.
სლოვაკეთში 5,5 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს. ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის 45 155 შემთხვევა. გარდაიცვალა 165 ადამიანი.
ევროპის სხვა სახელმწიფოების მსგავსად, სლოვაკეთში კორონავირუსის მეორე ტალღა გასულ თვეში დაიწყო. ამჟამად, ქვეყანაში ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს.