სლოვაკეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობის დაწესება იგეგმება
სლოვაკეთში „კოვიდ-19“-ის ყოველდღიური შემთხვევების ზრდის გამო, საგანგებო მდგომარეობის დაწესება იგეგმება. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.
„სიტუაცია ძალიან სერიოზულია. ვფიქრობ, უნდა მივიღოთ ფუნდამენტური და ძალიან მკაფიო გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, იგორ მატოვიჩმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზომების გამკაცრების შესახებ ინიციატივას მთავრობა მხარს ოთხშაბათს დაუჭერს და ეს მეორე შემთხვევა იქნება, როდესაც სლოვაკეთში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა დაწესდება.
„გარდიანის“ ინფორმაციით, ახალი შეზღუდვების მიხედვით პირველი ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით ყველა სპორტული და კულტურული ღონისძიება, ასევე რელიგიური რიტუალები აიკრძალება. ქორწილისა და სამგლოვიარო ცერემონიის ჩატარება იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ამ ცერემონიების მონაწილე ყველა პირი „კოვიდ-19“-ზე ნეგატიური ტესტის პასუხს წარადგენს. რესტორნები, ბარები და კაფეები კი 22:00 საათზე დაიხურება.
სლოვაკეთში, სადაც 5.4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, „კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე ვირუსის 9 343 დადასტურებული შეთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 44 ადამიანი.