ივან კორჩოკი - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არ უნდა იყვნენ გეოპოლიტიკის მსხვერპლი, თითოეულის გზა ევროკავშირისკენ ინდივიდუალურია, დარწმუნებული ვარ, საქართველო თუ პირობებს შეასრულებს, სტატუსს მიიღებს
ივან კორჩოკი - საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არ უნდა იყვნენ გეოპოლიტიკის მსხვერპლი, თითოეულის გზა ევროკავშირისკენ ინდივიდუალურია, დარწმუნებული ვარ, საქართველო თუ პირობებს შეასრულებს, სტატუსს მიიღებს

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ივან კორჩოკის განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიმართ გაცემული რეკომენდაციების მიმართ ფართო მხარდაჭერა არსებობს.

მისივე თქმით, სლოვაკეთი მხარს უჭერს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.

ამასთან, ივან კორჩოკი ამბობს, რომ სამივე ქვეყანამ გამოხატა სურვილი, იცხოვრონ ევროკავშირში, ამიტომ ისინი არ უნდა იყვნენ გეოპოლიტიკის მსხვერპლი.

„ჩვენ გვჯერა, რომ ეს უპრეცედენტო გადაწყვეტილებაა, რომელიც მიიღეს უპრეცედენტო ვითარებაში, რაც არის ომი უკრაინაში. სლოვაკეთი მხარს უჭერს სამივე ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას. რეკომენდაციაში არის კონკრეტული პირობები, რომლებიც უნდა შესრულდეს, თუმცა ვფიქრობ, რომ საბოლოოდ ეს იქნება ძალიან მკაფიო პასუხი რუსეთის აგრესიაზე და ფაქტი, რომ სამი ქვეყანა და მათი მოქალაქეები საკუთარ მომავალს ხედავენ ევროკავშირში. ამ გადაწყვეტილებაში არ უნდა იყოს გეოპოლიტიკა, რადგან სამივე ქვეყანამ გამოხატა სურვილი, იცხოვრონ ევროკავშირში, ამიტომ ისინი არ უნდა იყვნენ გეოპოლიტიკის მსხვერპლი. სწორედ ამის მიღწევა გვინდა, თითოეული ქვეყნის გზა ევროკავშირისკენ არის ინდივიდუალური და დამსახურებაზე დამოკიდებული. ჩვენ საუკეთესო ურთიერთობა გვაქვს საქართველოსთან და მხარს ვუჭერთ მას. დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველო შეასრულებს პირობებს, ის მიიღებს სტატუსს“, – განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს გამართული ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ.