სლოვაკეთის ქალაქებში ხელისუფლების წინააღმდეგ მორიგი მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა
სლოვაკეთის რამდენიმე ქალაქში ათასობით მოქალაქე რობერტ ფიცოს მთავრობის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა.
დემონსტრაცია სახელწოდებით „სლოვაკეთი ევროპაა“ ასევე გაიმართა ლუქსემბურგში, ბრიუსელში, ოსლოსა და ამსტერდამში.
აქციის ორგანიზატორების თქმით, რობერტ ფიცოს მთავრობა საფრთხეს უქმნის სლოვაკეთის მომავალს დემოკრატიულ და თავისუფალ ევროპაში.
რობერტ ფიცოს გადადგომის მოთხოვნით, ბოლო სამი თვის განმავლობაში, ათასობით ადამიანი ბრატისლავასა და სხვა ქალაქებში აქციებს მართავს. პროტესტი 2024 წლის დეკემბრის ბოლოს, მას შემდეგ დაიწყო, რაც სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრა.