სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მთავრობას მოუწოდა, გაახანგრძლივოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკრაინიდან შემოტანის აკრძალვა
სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერმა, ბორის კოლარმა სლოვაკეთის მთავრობას მოუწოდა, პოლონეთთან და უნგრეთთან ერთად 15 სექტემბრის შემდეგ გაახანგრძლივოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების უკრაინიდან შემოტანის აკრძალვა.
კოლარმა აღნიშნა, რომ უკრაინიდან მარცვლეულის იმპორტის აკრძალვას ვადა 15 სექტემბერს ეწურება. მისი თქმით, არის ინფორმაცია, რომ პოლონეთი და უნგრეთი ცალმხრივად დაკეტავენ საზღვრებს უკრაინული პროდუქტებისთვის. ამასთან, საუბარი არ არის ტრანზიტის აკრძალვაზე. მან თხოვნით მიმართა პრემიერ-მინისტრ ლუდოვიტ ოდორს, 16 სექტემბრიდან უკრაინული მარცვლეულის იმპორტის აკრძალვა გაახანგრძლივოს.
კოლარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი აკრძალვის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი ფერმის განადგურება და გააფრთხილა სოფლებში არეულობის შესაძლო ტალღის შესახებ, რომელმაც, შესაძლოა, ქალაქებშიც გადაინაცვლოს. მან მთავრობა ასევე გააფრთხილა, რომ „სოფელში ხალხი აჯანყებას დაიწყებს“ და აღნიშნა, რომ „ის იქნება მათ მხარეს“.
მანამდე სოფლის მეურნეობის საკითხებში ევროკომისარმა იანუშ ვოიჩეჩოვსკიმ მხარი დაუჭირა ევროკავშირის ხუთ ქვეყანაში უკრაინული მარცვლეულის იმპორტის დროებითი აკრძალვის გაგრძელებას.