სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილემ კოვიდრეგულაციის დარღვევის გამო თანამდებობა დატოვა
სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილემ კოვიდრეგულაციის დარღვევის გამო თანამდებობა დატოვა

სლოვაკეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილემ იურაი შელიგამ კოვიდრეგულაციის დარღვევის გამო, თანამდებობა დატოვა. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „ევრაქტივი“ ავრცელებს. შელიგა პარლამენტის წევრის მანდატს შეინარჩუნებს.

გასულ კვირას ადგილობრივ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ შელიგა გვიან ღამით, კომენდანტის საათის დროს თავის თანაპარტიელსა და ბრატისლავას რეგიონის გუბერნატორს კლუბში შეხვდა.

პარლამენტის სპიკერის მოადგილემ ცუდი მაგალითისთვის ბოდიში მოიხადა. მისი თქმით, იმის მიუხედავად, რომ ეს იყო სამუშაო შეხვედრა, ის სხვაგან უნდა გამართულიყო.

„ჩემი კარიერის განმავლობაში ვსაუბრობდი პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე და პოლიტიკურ კულტურაზე. პოლიტიკოსებზე ზეწოლა გონივრულად უფრო დიდია, რადგან ჩვენ სახელმწიფოს წარმოვადგენთ. მე ეს ვერ შევძელი“, – განაცხადა შელიგამ.

პარლამენტის სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ასევე დატოვა შელიგას თანაპარტიელმა იანა ჟიტნანსკამ, რომელიც ასევე მონაწილეობდა კოვიდრეგულაციების დარღვევით გამართულ შეხვედრაში.

სლოვაკეთში კორონავირუსის გავრცელების გამო საღამოს 09:00 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს.