სლოვაკეთის მთავრობამ ნავთობის მარაგების ნაკლებობის გამო ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
სლოვაკეთის მთავრობამ ნავთობის მარაგების ნაკლებობის გამო ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

სლოვაკეთის მთავრობამ ნავთობის მარაგების ნაკლებობის გამო ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ამის შესახებ სლოვაკური მედია წერს.

სლოვაკეთის მთავრობის განცხადების თანახმად, ადრიატიკის ნავთობსადენით, რომელიც სათავეს ხორვატიაში იღებს, ნავთობი სლოვაკეთამდე 20-30 დღეში მიაღწევს. ქვეყნის მთავრობამ გადაწყვიტა, Slovnaft-ის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სტრატეგიული ნავთობის რეზერვების დროებით გამოყენების უფლება მისცეს. საუბარია 250 000 ტონა ნავთობზე.

„სლოვაკეთის ბაზარზე ნავთობის შეუფერხებელი მიწოდების აღდგენამდე გარდამავალი პერიოდის უზრუნველსაყოფად Slovnaft-მა მოითხოვა 250 000 ტონა ნავთობის საგანგებო რეზერვების გამოთავისუფლება, რაც, კომპანიის თქმით, სულ მცირე, ერთი თვის განმავლობაში უზრუნველყოფს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობას მინიმალურ რეჟიმში და სლოვაკეთის ბაზარზე ნავთობის შეუფერხებელ მიწოდებას შეინარჩუნებს“, – ნათქვამია მთავრობის დოკუმენტში.

საგანგებო მდგომარეობა 19 თებერვლიდან 2026 წლის 30 სექტემბრამდე იმოქმედებს.

ცნობისთვის, ნავთობსადენ „დრუჟბით“ ნედლეულის მიწოდება 27 იანვრიდან არის შეჩერებული. უკრაინული მხარის განცხადებით, მიზეზი ნავთობსადენზე განხორციელებული რუსული თავდასხმაა. სლოვაკეთი და უნგრეთი კი უკრაინას „შანტაჟსა“ და რუსული ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ. ბუდაპეშტმა და ბრატისლავამ ხორვატიას სთხოვეს, რუსული ნავთობის მიწოდება უნგრეთსა და სლოვაკეთში ადრიატიკის ნავთობსადენით განხორციელდეს.