სლოვაკეთის ჩემპიონატში გოლი ორმა ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა
სლოვაკეთის ჩემპიონატში გოლი ორმა ქართველმა ლეგიონერმა გაიტანა

სლოვაკეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ორი “ქართული” გოლი გავიდა, აქედან ერთი გამარჯვებისა იყო. პირველობის ლიდერმა “ტრნავამ” საკუთარ მოედანზე აუთსაიდერპრეშოვს” 1:0 მოუგო და ეს ერთადერთი გოლი ვახტანგ ჭანტურიშვილმა მეორე წუთზე გაიტანა. ეს ქართველი ფეხბურთელის მე-15 მატჩი და მეოთხე გოლი იყო მიმდინარე სეზონში. “ტრნავა” უახლოეს მდევარს ცხრა ქულით უსწრებს.

ამავე ტურში “ტრენჩინმა” შინ 5:2 გაანადგურა “ჟილინა“, რომელიც ჩემპიონატში მეორე ადგილზეა. მასპინძელთა რიგებში მეოთხე გოლი გიორგი ბერიძემ გაიტანა. მასვე ეკუთვნის ერთი საგოლე პასი. ბერიძეს სლოვაკეთის ჩემპიონატის 18 მატჩში ხუთი გოლი აქვს გატანილი. „ტრენჩინი“ 29 ქულით მეექვსე ადგილზეა.
ჭანტურიშვილმაც და ბერიძემაც 90-90 წუთი ითამაშეს.