სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში საკანონმდებლო ცვლილებების გასაპროტესტებლად აქციები გაიმართა
სლოვაკეთის 20-ზე მეტ ქალაქში როგორც ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
აქციის მონაწილეები სისხლის სამართლის კოდექსში შეტანილ ცვლილებას აპროტესტებენ. როგორც „როიტერი“ წერს, სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში გამართულ აქციაზე დაახლოებით 26 000 ადამიანი იმყოფებოდა. აქციის მონაწილეებს ეჭირათ ბანერები, წარწერით „კმარა, ფიცო!“
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ მოუწოდა კანონმდებლებს, გადახედონ ცვლილებებს, რაც გულისხმობს სპეციალური პროკურორის ოფისის გაუქმებას, რომელიც მძიმე დანაშაულებს იძიებს, და ფინანსურ დანაშაულზე სასჯელის შემცირებას. ჩაპუტოვამ პარლამენტს განუცხადა, რომ ასეთი ცვლილებების დაჩქარება უპრეცედენტოა. მისივე თქმით, ევროპის პროკურატურამ გამოთქვა შეშფოთება, რომ დაგეგმილმა ცვლილებებმა შეიძლება გამოიწვიოს არასაკმარისი სასჯელი ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენებისთვის.
ოპოზიციური პარტიები ამტკიცებენ, რომ ცვლილებების გამო პოლიტიკოსები და ბიზნესლიდერები, რომლებსაც კავშირი აქვთ ამჟამინდელ მთავრობასთან, დაუსჯელები დარჩებიან.
როგორც „როიტერი“ წერს, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს ხელმძღვანელობით, მთავრობა ცდილობს, დააჩქაროს ცვლილებები, რომლებიც, მისი თქმით, აუცილებელია, რათა დასრულდეს „ექსცესები სპეციალურ პროკურატურაში“. ფიცომ განაცხადა, რომ, სლოვაკეთის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სასჯელი ძალიან მკაცრია ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით და სპეციალური პროკურატურა მისი პარტიის მიმართ მიკერძოებულობაში დაადანაშაულა.