სლოვაკეთი და უნგრეთი რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვის შემცირებას არ აპირებენ, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს არ იპოვნიან
სლოვაკეთი და უნგრეთი რუსეთისგან ნავთობისა და გაზის შესყიდვას არ შეამცირებენ, ვიდრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები მიწოდების ალტერნატიულ წყაროებს არ იპოვნიან, – ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს.
ბრატისლავაში ჟურნალისტებთან შეხვედრისას სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრმა, დენისა საკოვამ განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე უარის თქმამდე უნდა შეიქმნას ამისთვის „აუცილებელი პირობები“.
„ვიდრე სრულად შევძლებთ ვალდებულებას აღებას, უნდა შევქმნათ შესაბამისი პირობები – წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ, შესაძლოა, სერიოზული ზიანი მივაყენოთ ჩვენს ინდუსტრიასა და ეკონომიკას“, – განაცხადა საკოვამ.
საკოვამ აღნიშნა, რომ ჯერ უნდა შეიქმნას საჭირო ინფრასტრუქტურა ალტერნატიული მარშრუტების მხარდასაჭერად. მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში, ვენაში აშშ-ის ენერგეტიკის მდივანთან, კრის რაიტთან მოლაპარაკებების დროს ნათლად გამოხატა სლოვაკეთის პოზიცია. როგორც საკოვამ აღნიშნა, ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა აღიარა, რომ აშშ-მა უნდა გააძლიეროს ენერგეტიკული პროექტები ევროპაში.
თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის უფროსმა, გერგელი გულიასმა განაცხადა, რომ უნგრეთი უარყოფს ევროკავშირის ინიციატივებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის მისი ენერგომომარაგების უსაფრთხოებას.