სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის ჯარიმები წესდება
სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის ჯარიმები წესდება

სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის ჯარიმები წესდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ მთავრობამ მოამზადა, რომელიც პარლამენტს წარუდგინა.

ცვლილებების მიხედვით, სკვერების თვითნებური გადათხრა-დაზიანებისთვის, ასევე მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვისა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის გარეშე მიტოვების გამო ფიზიკური პირი – 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი – 1 000 ლარით დაჯარიმდება.

პროექტით, იგივე ქმედება, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ზონაში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს ფიზიკური პირის – 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის 3 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ადმინისტრაციული ჯარიმა დადგენილია ეზოების, ქუჩებისა და მოედნების თვითნებური გადათხრისა და მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვის შემთხვევებზე.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებებით, დაჯარიმებას დაექვემდებარა არა მხოლოდ თვითნებური გადათხრა ან დაზიანება, მათი სამშენებლო მასალებით ჩახერგვა და გადათხრის ადგილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნების გარეშე მიტოვება, არამედ უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამუშაოების წარმოებისათვის დადგენილი პირობების დარღვევა და შეუსრულებლობა.