სკრიპნიკმა უარი თქვა ევროპაში კონტრაქტზე - „ზორიას“ მწვრთნელი უკრაინაში პრინციპულად დარჩა #1TVSPORT
სკრიპნიკმა უარი თქვა ევროპაში კონტრაქტზე - „ზორიას“ მწვრთნელი უკრაინაში პრინციპულად დარჩა #1TVSPORT

უკრაინელმა ჟურნალისტმა მიხაილ სპივაკოვსკიმ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა ლუგანსკის „ზორიას“ მთავარი მწვრთნელის, ვიქტორ სკრიპნიკის შესახებ.

„სკრიპნიკი მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი იყო პოლონურ კლუბ „პოგონში“, რომელიც ამჟამად ექსტრაკლასაში ჩემპიონობისთვის იბრძვის. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა პოლონურმა წყარომ დაწერა, რომ სკრიპნიკი უკვე შჩეცინშია, ვარჯიშს აკვირდება და ბევრს მუშაობს. მაგრამ შევიტყვე, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სკრიპნიკი შჩეცინში არაა და ჩემი ინფორმაციით, იმის ალბათობა, რომ ის „პოგონში“ იქნება, ნულის ტოლია. მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. სკრიპნიკს აქვს გერმანული სამწვრთნელო ლიცენზია და 24-25 თებერვალს შეეძლო გერმანიაში წასვლა, მაგრამ ეს არ გააკეთა, ის დაბომბვისას ფეხბურთელებთან ერთად სარდაფში იჯდა. შემდეგ მწვრთნელთა შტაბს წამოსვლაში დაეხმარა და ისევ უკრაინაში დაბრუნდა. მოთამაშეები ამბობენ, რომ სკრიპნიკი ძალიან განიცდის ქვეყანაში დატრიალებულ ტრაგედიას, რადგან ის უკრაინელ ხალხთან ასოცირდება“, – წერს ჟურნალისტი.

უკრაინის ნაკრების ყოფილი მცველი 1996-2004 წლებში ბრემენისვერდერში“ თამაშობდა (138 მატჩი, 7 გოლი), კარიერის შემდეგ კი ამ გუნდის იუნიორთა და ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა. 2014-2016 წლებში, ვიქტორ სკრინიკი ბუნდესლიგის „ვერდერს“ ხელმძღვანელობდა. მიხაილ სპივაკოვსკის ცნობით, მან პრინციპულად ამჯობინა უკრაინაში დარჩენა.

„მას „ზორიასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს უმთავრდება – რამდენადაც მე მესმის, მორალური თვალსაზრისით, სკრიპნიკი ვერ ხედავს შესაძლებლობას ხელი მოაწეროს კონტრაქტს ახლა, როცა უკრაინაში ომი მიმდინარეობს. ვფიქრობ, რომ „პოგონს“ ეს არ აწყობს. მისით კიდევ რამდენიმე კლუბი იყო დაინტერესებული, მაგრამ ჯერჯერობით ეს საკითხი დაპაუზებულია“, – განაცხადა სპივაკოვსკიმ გადაცემაში TaToTake.

უკრაინელი სპეციალისტი „ზორიას“ 2019 წლის 1 ივლისიდან ხელმძღვანელობს. ლუგანსკის გუნთან ერთად ვიქტორმა ორჯერ მოიგო უკრაინის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალი და გახდა უკრაინის თასის ფინალისტი. მიმდინარე სეზონის შედეგებით „ზორია“ მეოთხე ადგილზე გავიდა და ახალ ევროსეზონში კონფერენს ლიგაზე ითამაშებს.