სკოლის მოსწავლეებმა თეთრი სახლის წინ მწოლიარე აქცია გამართეს
სკოლის მოსწავლეებმა თეთრი სახლის წინ მწოლიარე აქცია გამართეს

ვაშინგტონის რამდენიმე ათეული სკოლის მოსწავლეებმა თეთრი სახლის წინ მწოლიარე აქცია გამართეს. პროტესტი სკოლებში ცეცხლსასროლი იარაღით ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული და ბოლო დღეებში ფლორიდაში მომხდარ შემთხვევას უკავშირდება, სადაც სკოლაში შეჭრილმა თავდამსხმელმა 17 ადამიანი იმსხვერპლა.

თეთრი სახლის განცხადებით კი, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას გადამოწმების მექანიზმის გაუმჯობესების შესახებ განხილვების მომხრეა.

ტრამპმა ამ საკითხის შესახებ რესპუბლიკელ სენატორ ჯონ კორნინთან ისაუბრა და ორპარტიული კანონპროექტი განიხილა, რომლის მიხედვითაც, იარაღის შეძენამდე მყიდველის შემოწმების მექანიზმი გაუმჯობესდება.

დებატები ამ საკითხზე მას შემდეგ გამწვავდა, რაც ძალოვანმა უწყებებმა განაცხადეს, რომ ფლორიდაში სკოლაზე თავდამსხმელმა იარაღი კანონიერი გზით შეიძინა.

იარაღის შეძენის კონტროლის გამკაცრებას ითხოვენ პარკლენდის სკოლის მოსწავლეებიც.

14 თებერვალს ფლორიდაში, პარკლენდის სკოლაზე თავდასხმას 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.