სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სპორტულ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას
სკოლის მოსწავლეები საერთაშორისო სპორტულ ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას

ახალგაზრდა თაობის ჯანსაღი ცხოვრების მხარდასაჭერად მთავრობა ახალ კამპანიას იწყებს. ინიციატივის შესახებ განცხადება განათლებისა და სპორტის მინისტრებმა 45-ე საჯარო სკოლაში სტუმრობისას გააკეთეს.

მინისტრების ინფორმაციით, 2018 წლის იანვრიდან კამპანია საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლას მოიცავს, მათ შორის კერძოებსაც. სპორტულ შეჯიბრებებში ჩაერთვებიან ყველა ასაკის მოსწავლეები თავიანთი სურვილებისა და ინტერესების შესაბამისად.

სპორტის სხვადასხვა სახეობაში სკოლის დონეზე გამარჯვებული მოსწავლეთა გუნდები სხვა სკოლის მოსწავლეებს შეეჯიბრებიან, შემდეგ კი, საქართველოს პირველობისთვის ასპარეზობაში ჩაერთვებიან.

ფინალში გამარჯვებული გუნდები საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში უკვე ევროპელ თანატოლებს შეეჯიბრებიან.