სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება
სკოლებში საქართველოს ისტორიის სწავლება ძლიერდება

2019-2020 სასწავლო წლიდან სკოლებში საქართველოს ისტორიას მე-7-მე-8 და მე-9 კლასებში შეისწავლიან. ამასთან, მისი სწავლება მოხდება არა ცალკე, არამედ მსოფლიო ისტორიის კონტექსტში. დღეს საქართველოს ისტორია მხოლოდ მე-9 კლასში ისწავლება.

სიახლეს განათლების მინისტრის 3 მაისის ბრძანება ითვალისწინებს, რომლითაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში ცვლილებები შედის და რომელიც დღეს გამოქვეყნდა.

როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსმა მარიამ ჩიქობავამ პირველ არხთან საუბარში განმარტა, ამგვარმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ისტორიის პროგრამის განტვირთვა და საქართველოს ისტორიის საკითხების სამ წელზე იმგვარად გადანაწილება, რომ პროგრამაში არ დაკარგულიყო საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის თვალსაზრისით არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა.

მარიამ ჩიქობავას განცხადებით, იგეგმება სხვა სიახლეებიც. კერძოდ: 2019-20 წლიდან შინაარსობრივად განიტვირთა მე-7-მე-8-მე-9 კლასების საგნობრივი სასწავლო გეგმები, გარკვეული საკითხები ამოვარდა, ნაწილმა კი მე-10-მე-11-მე-12 კლასების პროგრამაში გადაინაცვლა. თუმცა საგაკვეთილო საათების რაოდენობა არ შემცირებულა.

ჩიქობავას განმარტებით, ეროვნული სასწავლო გეგმა არის სახელმწიფო სტანდარტი, რაც ყველა სკოლისთვის სავალდებულოა, მას კი ახლავს წლიური პროგრამები, რომლებიც სარეკომენდაციოა და მასწავლებელს ამ სტანდარტების მიღწევის გზებს აჩვენებს, თუმცა სკოლებს, ცალკეული საგნების მასწავლებელს შეუძლიათ არ გაყვნენ სამინისტროს შემოთავაზებულ ვერსიას და თავადაც დასახონ სტანდარტის მიღწევის ორიგინალური გზები. სწორედ შემოქმედებითი თავისუფლების გაზრდას ასახელებს ჩიქობავა განხორციელებული ცვლილებების მთავარ შედეგად.

ყველა დასახელებული ცვლილება 2019-2020 სასწავლო წელს შევა ძალაში, 2018-2019 წლის სიახლე კი I-VI კლასებში დამტკიცებული ახალი ეროვნული გეგმისა და ახლად გრიფირებული სახელმძღვანელოების დანერგვა იქნება.