სხვადასხვა სფეროში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დიასპორის წარმომადგენლები დააჯილდოეს
სხვადასხვა სფეროში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დიასპორის წარმომადგენლები დააჯილდოეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დიასპორის დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლა. პროექტის „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“ ფარგლებში გამართული კონკურსის შედეგად, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტთან „ენიგმა“ (ENIGMMA) თანამშრომლობით გაიმართა, ექვს სხვადასხვა ნომინაციაში დიასპორის 11 წარმომადგენელი დაჯილდოვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, კერძოდ, მეცნიერებაში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ: გიორგი გრიგოლია, მიუნხენის უნივერსიტეტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. საკუთარი მოღვაწეობის განმავლობაში ხელი შეუწყო საქართველოსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უმაღლესი სამედიცინო სასწავლებლების დაახლოებას. გიორგი გრიგოლია 2008 წელს აქტიურად იყო ჩაბმული რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაჭრილი თანამემამულეების მკურნალობის საქმეში.

ზურაბ ბერეჟიანი, ლაკვილას უნივერსიტეტის ფიზიკური და ქიმიური მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი. იგი მრავალი წელია მოღვაწეობს იტალიაში, მათ შორის ბირთვული ფიზიკის ნაციონალურ ინსტიტუტში (INFN), ლუდვიგ მაქსიმილიანეს უნივერსიტეტსა და ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში მისი ინიციატივით დაფუძნებული გაცვლითი პროგრამების ფარგლებში არა ერთმა ქართველმა სტუდენტმა მოახერხა სასწავლებლად გამგზავრება იტალიაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კულტურის სფეროში შეტანილი წვლილისათვის დაჯილდოვდნენ: იბერია ოზქან (მელაშვილი), რომლის მისი ინიციატივითა და უშუალო მონაწილოებით ჩამოყალიბდა ანსამბლი „კავკასიის მთა“ და მაჭახელას უხუცესთა ანსამბლი. 2011 წელს ქ. სტამბოლში დააფუძნა „ქართული ხელოვნების სახლი“, სადაც ქართული სამუსიკო ხელოვნების დაუფლებასთან ერთად, აქტიურად მიმდინარეობს ქართული მრავალხმიანობის მეცნიერული შესწავლა. 2018 წელს მისი ინიციატივით განხორციელდა პროექტი „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში“.

ზურაბ ცუცქირიძე, საფრანგეთში მოქმედი ქართული ანსამბლის „დეისი“ ხელმძღვანელი. ქართული ცეკვისა და ხელოვნების პოპულარიზაციის გარდა, მისი დაფუძნებული ანსამბლი აქტიურად ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების გადასარჩენად.   „დეისი“ თანამშრომლობს და დონაციას ახდენს ქ.ნიცაში არსებულ ბავშვთა საავადმყოფო Lenval-თან და ქ. სტრასბურგში არსებულ საავადმყოფო Hautepierre-თან.

თინათინ სვანიძე-ვენკო, ნიდერლანდების სამეფოში „ქართული კულტურის ცენტრის“ დამფუძნებელი. კომპანია Tika Tours მფლობელი. ხელს უწყობს ნიდერლანდელი ტურისტების საქართველოთი დაინტერესებას, ქართული ტურისტული პოტენციალის, კულტურის და ტრადიციების გაცნობას. თინათინ სვანიძის ინიციატივით იმართება არაერთი კულტურული ხასიათის ღონისძიება, რომელიც ემსახურება საქართველოს იმიჯის პოპულარიზაციას ნიდერლანდებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა: დალი უბილავა-დე გრააფი, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ლეიდენში მოქმედი ფონდის „არტექოს“, დამფუძნებელი. ფონდი ახორციელებს ხელოვნების პროექტებს, ორგანიზებას უწევს ფესტივალებს, კონცერტებს, ფერწერული, ფოტოხელოვნების, თანამედროვე ხელოვნების გამოფენებს, ჰოლანდიური ანიმაციური ფილმებისა და ქართული კინოკლასიკის ჩვენებებს, მასტერკლასებს. არტპროდიუსინგის პარალელურად დალი უბილავა-დე გრააფი აქტიურად მოღვაწეობს ევროპის კოსმოსური სააგენტოს, ESA/ESTEC ვიზიტორთა ცენტრში Space Expo, სადაც ის ჰოლანდიელი და საერთაშორისო პუბლიკისთვის კოსმოსური მეცნიერებისა და პროექტების შესახებ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქველმოქმედო საქმიანობისთვის დაჯილდოვდნენ: ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი, გაერთიანებულ სამეფოში პირველი ქართული საკვირაო სკოლის დამაარსებელი. ლიანა ჯიქია-გოგრიჭიანი გახლავთ მრავალი საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიების ორგანიზატორი, მათ შორის აღსანიშნავია ქეთი მელუას სახელობის ყოველწლიური ფესტივალი, ღონისძიება „ქართული რთველი“ და ა.შ. მისი ხელმძღვანელობით დაარსებული ქართული საკვირაო სკოლა არის ბრიტანეთის მთავრობის ჯილდოების – Apollo Awards-ს და და Make a Difference Awards მფლობელი.

თინათინ ჩითინაშვილი, გერმანიის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარის მოადგილე. იგი არის ახალგაზრდულ ჯგუფის „იბერი“ დამფუძნებელი, რომელიც აერთიანებს ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლს. „იბერისი“ ასევე გახლავთ ორგანიზაციის „გერმანელი ახალგაზრდები ევროპაში“ (DJO) წევრი. თინათინ ჩითინაშვილი რედაქტირებას უწევს ჟურნალს „ქართული“. ორგანიზაცია ასევე აქტიურად ეხმარება Au-pair-ის პროგრამით გერმანიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს, აკვალიანებს და სწორ ინფორმაციას აწვდის მათ გერმანიაში საქმიანობის შესახებ. 2011 წელს დაარსდა გერმანიის ქართული სათვისტომოს საქველმოქმედო ფონდი, რომლის საქმიანობასაც დაარსების პირველი დღიდან აქტიურად წარმართავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართული სპორტის პოპულარიზაციისთვის დაჯილდოვდა: ლევან გოგინაშვილი, დიდ ბრიტანეთში მოქმედი ქართველ ძიუდოისტთა კლუბის “ფალავანი” დამფუძნებელი. სპორტული აქტივობების გარდა ლევანი ხელს უწყობს აღსაზრდელებში ქართული ტრადიციების დამკვიდრებას, ქართული ენისა და კულტურის სიყვარულს.  კლუბის აღსაზრდელები არიან მრავალი ტურნირის გამარჯვებულები. ერთი წლის წინ “ფალავანმა” გუნდური პირველობა მოიპოვა პარიზსა და ათენში გამართულ ევროპის ბავშვთა კლუბებს შორის ტურნირში.

ნომინაციაში – საქართველოს უცხოელი მეგობარი დაჯილდოვდნენ: ლუიჯი მაგაროტი, ქართველოლოგი, ვენეციის “კა’ფოსკარის უნივერსიტეტის” პროფესორი; თითქმის ნახევარი საუკუნია, რაც იკვლევს ქართული ცივილიზაციის საკითხებს და ეწევა ქართული კულტურის ინტენსიურ პოპულარიზაციას საზღვარგარეთ. მისი რედაქტირებით, თარგმნით და თანაავტორობით გამოიცა ქართველ მწერალთა ნაწარმოებები. სხვადასხვა დროს, პროფ. ლუიჯი მაგაროტოს მინიჭებული აქვს  საპატიო ჯილდოები და წოდებები: საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრი (2002 წ.); საქართველოს ღირსების ორდენი (2003 წ.); თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი (2014 წ.).

ჰაინალკა ბაბირაქი,  ლიტერატურათმცოდნე, ქართველოლოგი, მთარგმნელი და პოეტი, 20 წელიწადზე მეტია რაც აქტიურად იღვწის ქართულ-უნგრული კულტურული კავშირების განსამტკიცებლად. იგი გახლავთ საქართველოსადმი მიძღვნილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა თუ პუბლიკაციის ავტორი, უნგრულ ენაზე თარგმნილი აქვს ქართული პოეზია. მისი პირველი წიგნი „უნგრულ-ქართული  ლიტერატურული კავშირები” რომელმაც ფართო პოპულარობა ჰპოვა უნგრულ საზოგადოებაში, ბუდაპეშტში 1997 წელს გამოიცა. ჰ. ბაბირაქმა სადისერტაციო ნაშრომი ქართულ-უნგრულ ლიტერატურულ კავშირებზე ჯერ ივ.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო მოგვიანებით – უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიაში დაიცვა. 2013 წელს უნგრეთში გამოიცა ჰაინალკა ბაბირაქის მეორე წიგნი „კავკასიური საქართველო“.

გამარჯვებულებს ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭდლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშის, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ექსპონატების ასლები გადაეცათ.

ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია თბილისის საკრებულოში გაიმართა.