სხირტლაძის დებიუტი ევროპის ლიგაზე - ქართველების წარუმატებელი დღე
სხირტლაძის დებიუტი ევროპის ლიგაზე - ქართველების წარუმატებელი დღე

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ქართველების გუნდებმაც ითამაშეს, მაგრამ ამჯერად ჩვენს ფეხბურთელებსა და მათ გუნდებს თავი არ გამოუჩენიათ.

უკრანულმა „ვორსკლამ“ გასვლაზე აზერბაიჯანული „ყარაბახი“ 1:0 დაამარცხა. სტუმართა შემადგენლობაში არ იყო სანდრო კობახიძე – ის ტრავმირებულია. უკრაინელთა განაცხადში არც საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მცველი ანდრო გიორგაძე მოხვდა.

ვახტანგ ჭანტურიშვილმა ტრნავას „სპარტაკში“ ზაგრების „დინამოსთან“ საშინაო შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და სრულად ითამაშა. 82-ე წუთზე, სლოვაკების გუნდში შეცვლაზე დავით სხირტლაძე შევიდა, რომელმაც ევროპის ლიგაზე სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა. სლოვაკებმა ხორვატებს ვერაფერი მოუხერხეს და 1:2 დამარცხდნენ.

ითამაშა ლევან ყენიამაც – მისმა გუნდმა, ლუქსემბურგის „დუდელანჟმა“, სახლში ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ 0:2 წააგო. 28 წლის ქართველი შემტევი ნახევარმცველი მოედანზე 74-ე წუთზე გამოჩნდა.

ჯანო ანანიძეს მოსკოვის „სპარტაკში“ ევროპის ლიგაზე არ უთამაშია. რუსები გასვლაზე გლაზგოს „რეინჯერსს“ 0:0 დაუზავდნენ. საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი განაცხადშიც არ იყო.

საქართველოს ნაკრებში დაშავებული თორნიკე ოქრიაშვილი „კრასნოდარს“ ბელგიაში ლიეჟის „სტანდარტთან“ ვერ დაეხმარა – რუსებმა 1:2 წააგეს.