სკანდალი პსჟ-ში - მესიმ ორკვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT
სკანდალი პსჟ-ში - მესიმ ორკვირიანი დისკვალიფიკაცია მიიღო #1TVSPORT

ლიონელ მესი ისევ ყურადღების ცენტრში მოექცა. ამჯერად, მიზეზი არა სატრანსფერო ჭორები, არამედ საუდის არაბეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული სკანდალია.

გასულ უქმეებზე „ლორიანთან“ წაგების შემდეგ, „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელებს გამოსასვლელი დღე არ მისცეს და ორშაბათს ვარჯიშზე დაიბარეს. მესის გარდა ბაზაზე ყველა გამოცხადდა – არგენტინელი დაუკითხავად გაემგზავრა საუდის არაბეთში, სადაც ტურიზმის ელჩი გახლავთ. ამ მგზავრობაზე თანხმობა არ მიუციათ არც მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიეს და არც სპორტულ დირექტორს ლუიშ კამპუშს.

„პარი სენ-ჟერმენის“ ხელმძღვანელობამ ოპერატიულად იმოქმედა და ორი კვირით ჩამოაშორა არგენტინელი გუნდთან ერთად ვარჯიშებს. ამ პერიოდში ის არ მიიღებს ხელფასს – დაახლოებით 2 მილიონ ევროს. საკმაოდ მკაცრი სასჯელი გამოვიდა ერთი დღის გაცდენის გამო.

მესი ნამდვილად გამოტოვებს პსჟ-ის ორ უახლოეს შეხვედრას – „ტრუასა“ და „აიაჩოს“ წინააღმდეგ. და დანამდვილებით არც იმის თქმა შეიძლება, რომ სეზონის დარჩენილ სამ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

ამ ინციდენტის შემდეგ გაზეთმა „ეკიპმა“ დაწერა, რომ პსჟ არ გააგრძელებს კონტრაქტს მესისთან და არგენტინელი სეზონის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება.