სკანდალი ესტონეთში: გამოძიება კომპანიის წინააღმდეგ, რომელმაც უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დასამზადებლად 70 მილიონი ევრო მიიღო
საილუსტრაციო ფოტო
ევროკომისია ესტონეთში იმ ჩაშლილი გარიგების გამოძიებას იწყებს, რომლის ფარგლებში უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება იგეგმებოდა. ამ ეტაპზე, მწარმოებლისთვის, ავანსის სახით, 70 მილიონი ევრო უკვე გადახდილია. ესტონეთის ხელისუფლება მომწოდებელ კომპანიას არაკომპეტენტურობაში ადანაშაულებს. ამასთან, დღემდე გაურკვეველი რჩება, თუ როგორ ჩატარდა სახელმწიფო შესყიდვის პროცესი.
2024 წელს, ესტონეთის თავდაცვითი ინვესტიციების ცენტრმა, უკრაინისთვის საბრძოლო მასალის დასამზადებლად, იტალიაში რეგისტრირებული მცირე კომპანია შეარჩია. ტალინმა იარაღის მომწოდებელს, ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში, რამდენიმე ეტაპად, 70 მილიონი ევრო გადაუხადა. თუმცა, შეკვეთის მოწოდება დაგვიანდა, ხოლო როდესაც პირველი პარტიები ჩამოვიდა, ესტონელმა სამხედრო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ საბრძოლო მასალა დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.
ჰანო პევკური, ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი: „მწარმოებლის მიერ მოწოდებული პროდუქცია ადგილზეა, თუმცა მისი ხარისხი სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. უკრაინელებთან ასეთი შეთანხმება გვაქვს: საბრძოლო მასალა მათთან მანამ ვერ გაიგზავნება, სანამ არ შევამოწმებთ და არ დავრწმუნდებით, რომ ის გამართულ მდგომარეობაშია“.
ამასობაში, ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში, მომწოდებელი კომპანია ინდოელი მფლობელების ხელში გადავიდა, იმავე წლის მარტში კი მან საქმიანობის პროფილი შეცვალა და იარაღით საბითუმო ვაჭრობაზე გადავიდა.
ჟურნალისტურმა გამოძიებამ გამოავლინა, რომ კომპანიას წარსულში საბრძოლო მასალის წარმოებასა თუ მიწოდებაზე არასდროს უმუშავია, ხოლო სატენდერო განაცხადის მოსამზადებლად ინტერნეტიდან და ვიდეოთამაშებიდან აღებული ფოტოებიც კი გამოიყენა.
2025 წელს ესტონეთმა მომწადებელთან გაფორმებული კონტრაქტები გააუქმა და საქმე ევროპის საარბიტრაჟო სასამართლოს გადასცა. ატეხილი სკანდალის ფონზე, ესტონეთის თავდაცვის მინისტრი, ჰანო პევკური თანამდებობიდან გადადგა.
ჰანო პევკური, ესტონეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი: „ლიდერს უნდა გააჩნდეს როგორც სიმამაცე, ისე იმის უნარი, რომ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღოს მაშინაც კი, თუ ბრალი უშუალოდ მას არ მიუძღვის. მე მზად ვარ, ეს პასუხისმგებლობა ავიღო“.
ჩაშლილ გარიგებაზე პასუხისმგებლობა ესტონეთში, ჯერჯერობით, არავის დაჰკისრებია. თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ შესყიდვა ადამიანთა ძალიან ვიწრო წრემ განახორციელა. თუმცა, თავდაცვითი ინვესტიციების ცენტრში განაცხადეს, რომ სამინისტრო შესყიდვის ყველა დეტალის შესახებ ინფორმირებული იყო.
ევროკომისიის ჯგუფი ტალინში სექტემბრის ბოლოს ჩავა, რათა საკუთარი შემოწმება ჩაატაროს.
ელმარ ვახერი, თავდაცვითი ინვესტიციების ცენტრის გენერალური დირექტორი: „ინსპექტირებისთვის ვემზადებით; ისევე როგორც გამოძიების შემთხვევაში, წარსადგენი დოკუმენტები ახლაც მზად გვაქვს“.
სამართლებრივი დავების პარალელურად, ესტონეთის ხელისუფლებამ ბრიუსელს უკვე სთხოვა, რომ საბრძოლო მასალაზე დახარჯული სახსრების უკან დაბრუნება არ მოსთხოვოს.