„სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელი ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
„სიტროენ ჯორჯიას" დამფუძნებელი ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს

„სიტროენ ჯორჯიას” დამფუძნებელი გიორგი შარაშენიძე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მეშველიანს, ასევე ხელისუფლების ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს. ამის შესახებ შარაშენიძემ  ადვოკატ ირაკლი კორძახიასთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრ ანა დოლიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

შარაშიძე ამბობს, რომ მოსამართლე თამარ მეშველიანმა კომპანიის მიმართ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება რვა თვის წინ მიიღო, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილება წერილობით დღემდე არ ჩაბარებია, რის გამოც „სიტროენ ჯორჯიას”  ფინანსური პრობლემები შეექმნა.

შარაშენიძის თქმით, საქმეს წინ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება უძღოდა,  რომ კომპანია ჯანდაცვის სამინისტროსთან დაწყებულ სასამართლო პროცესს აუცილებლად წააგებდა.

„სიტროენ ჯორჯიას“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ არსებობს კორუფციული სქემა, რომელშიც ხელისუფლების ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მონაწილეობენ. მათ შორის არიან კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოების ხელმძღვანელები ნოდარ ხადური და ირაკლი რაზმაძე.

გიორგი შარაშიძის განცხადებით, დღემდე ქვეყანაში ავტომობილების კორუფციული კარტელი მოქმედებს, რომელშიც ექვსი საავტომობილო კომპანიაა ჩართული. მისივე თქმით, აღნიშნულ კარტელში 50- პროცენტიანი წილი სპორტის ყოფილ მინისტრს, ტარიელ ხეჩიკაშვილს აქვს და სახელმწიფო ტენდერები ხშირად სწორედ ამ კომპანიაზეა მორგებული.

კომპანია „სიტროენ ჯორჯიას” საქმე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ შეაფასა.

მან აღნიშნა, რომ სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი და არსებობს ბევრი ხარვეზი. ანა დოლიძის თქმით, იუსტიციის საბჭოში მოსამართლე თამარ მეშველიანის მიმართ სადისციპლინო მოხსენებით ბარათს წარადგენს და საბჭოს რეაგირებას მოთხოვს.