„სიტი“ ახალი ფორვარდის ძიებაშია - გვარდიოლა ჰაალანდისა და კეინის ვარიანტებს განიხილავს #1TVSPORT
სერხიო აგუერო სეზონის ბოლოს „მანჩესტერ სიტის“ ტოვებს და ფაბრიციო რომანოს ცნობით, „ბარსელონას“ შეუერთდება. „ქალაქელები“ ერთი ნომინალური ფორვარდით, გაბრიელ ჟესუსით რჩებიან, რომელსაც აგუეროს არ ყოფნაშიც კი გვრადიოლა სათადარიგო სკამის მოთამაშედ მოიაზრებდა და ხშირ შემთხვევაში ნომინალური ფორვარდის გარეშეც თამაშობდა. შესაბამისად, ესპანელი სპეციალისტი ახალი თავდამსხმელის ძიებაშია და ყველაზე რეალურ ვარიანტებად ერლინგ ჰაალანდი და ჰარი კეინი მოიაზრებიან.
„სიმართლე რომ გითხრათ, დიდი სიამოვნებით მეყოლებოდა გუნდში ისეთი თავდამსხმელი, რომელსაც სეზონში 50 გოლი გააქვს, მაგრამ ამავდროულად არც ის მინდა, რომ მთელი ზეწოლა ერთ ფეხბურთელზე მიდიოდეს. მესის, მას შემდეგ რაც დაიბადა, „ბარსელონაში“ სეზონში 50 გოლი გააქვს. ტიერი ანრიმ პირველ სეზონში ბევრი გოლი გაიტანა და სამუელ ეტო’ოსაც ბევრი გაჰქონდა“, – განაცხადა გვარდიოლამ.
ესპანელი სპეციალისტის სქემაში, ამ ეტაპზე არა ერთი, არამედ რამდენიმე ფეხბურთელია, რომელსაც ჯამში ბევრი გოლი გააქვს. მაგალითისთვის ამ სეზონში პრემიერლიგაში გუნდოგანს 13, სტერლინგს 10, ხოლო მაჰრეზს 9 გოლი აქვთ გატანილი. პეპმა ეს იმით ახსნა, რომ ტიტულის მოპოვება მხოლოდ ერთი ფეხბურთელით შეუძლებელია და უნდა გყავდეს მინიმუმ 3 ფეხბურთელი, რომელსაც ამდენი გოლის გატანა შეუძლია.
ჰარი კეინი „ტოტენჰემის“ დატოვებასთან ძალიან ახლოსაა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას ინგლისელი თავდამსხმელი. რაც შეეხება ერლინგ ჰალანდს, ახალგაზრდა ტალანტის შეძენას არაერთი ტოპ-კლუბი ცდილობს და მათ შორის, რა თქმა უნდა, „მანჩესტერ სიტია“.
გვარდიოლას გუნდი 29 მაისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსის“ წინააღმდეგ ითამაშებს.