სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ მისი ინსტიტუტი აწარმოებს „აქტიურ გამოძიებას“ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე, ასევე ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ მისი ინსტიტუტი აწარმოებს „აქტიურ გამოძიებას“ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე, ასევე ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა განაცხადა, რომ მისი ინსტიტუტი აწარმოებს „აქტიურ გამოძიებას“ „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე, ისევე როგორც ღაზასა და დასავლეთ სანაპიროზე არსებულ ვითარებაზე.

„მიმდინარეობს აქტიური გამოძიება 7 ოქტომბერს ისრაელში სავარაუდო ჩადენილ დანაშაულებებთან დაკავშირებით, ასევე ღაზასა და დასავლეთ სანაპიროს მიმართ”,- ნათქვამია ხანის განცხადებაში, რომელიც რაფაჰის სასაზღვრო პუნქტში ვიზიტისას გააკეთა.

მისივე თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იმუშავებს პროფესიონალურად, რათა „განაცალკევოს ბრალდება ფაქტისგან“ და შეისწავლოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება.

„ეს არის ობიექტურობის მომენტი, ეს არის მომენტი, როდესაც საერთაშორისო საზოგადოება და საერთაშორისო არქიტექტურა აგებულია მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე, ჰოლოკოსტზე, ქალაქების განადგურებაზე მთელ ევროპაში, რომლებიც მიზნად ისახავს, შექმნას ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ, რომ აღარასოდეს დავინახოთ სისაძაგლეები, სადაც ხალხი შეიძლება იყოს სამიზნე მათი რასის, რელიგიის ან კულტურის მიხედვით. ეს დაპირებები უნდა შესრულდეს. ჩვენ დამოუკიდებლად ვუყურებთ მდგომარეობას პალესტინაში. ჩვენ ვუყურებთ ისრაელის მოვლენებს და ბრალდებებს, რომ პალესტინელებმაც ჩაიდინეს დანაშაული, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობა და დახმარება”,- განაცხადა ხანიმ.

მისივე თქმით, „არ უნდა იყოს შეფერხებული ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება ბავშვებისთვის, ქალებისა და მამაკაცებისთვის – მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის“.