სირიის სუვეიდის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების მსხვერპლთა რიცხვი 1120-მდე გაიზარდა
სირიის სუვეიდის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების მსხვერპლთა რიცხვი 1120-მდე გაიზარდა

სირიის სუვეიდის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირების მსხვერპლთა რიცხვი 1120-მდე გაიზარდა. ამის შესახებ მედია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე“ დაყრდნობით წერს.

დაღუპულთა შორის 427 დრუზი მებრძოლი და 298 ამავე თემის წარმომადგენელი მშვიდობიანი მოქალაქეა, რომელთაგან 194 თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სიკვდილით დასაჯეს.

ამასთან, დაღუპულია სამთავრობო უსაფრთხოების 354 თანამშრომელი და 21 სუნიტი ბედუინი, რომელთაგან სამი მშვიდობიანი მოქალაქე იყო, რომლებიც დრუზმა მებრძოლებმა სიკვდილით დასაჯეს.

ობსერვატორიის ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სამთავრობო შენაერთების კიდევ 15 ჯარისკაცი დაიღუპა.

საბრძოლო მოქმედებები ერთი კვირის წინ ბედუინ და დრუზ მებრძოლებს შორის შეტაკებებით დაიწყო. დამასკომ საბრძოლო მოქმედებების ჩასახშობად ჯარები გაგზავნა, თუმცა „როიტერი“ წერს, რომ ჯარისკაცები ძალადობაში ჩაერთნენ – ისინი დრუზების წინააღმდეგ ფართომასშტაბიან დანაშაულებრივ ქმედებებში დაადანაშაულეს. როგორც მედია წერს, უპირატესად დრუზებით დასახლებული ქალაქის მცხოვრებლები აღწერენ, თუ როგორ ესროლეს მათ მეგობრებსა და მეზობლებს ახლო მანძილიდან საკუთარ სახლებში ან ქუჩებში სირიელმა ჯარისკაცებმა, რომელთა იდენტიფიცირება მათი სამხედრო ფორმითა და განმასხვავებელი ნიშნებით მოხდა. შემდეგ ისრაელმა დაბომბა სირიის სამთავრობო ძალები სუვეიდაში და ასევე, თავდაცვის სამინისტრო დამასკოში. 19 ივლისს სირიის ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ ყველა მხარეს მოუწოდა, დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი.