სირიის ქალაქ თელ-თამერთან, თურქეთისგან მხარდაჭერილი სამხედროები აშშ-ის სამხედრო კოლონას თავს დაესხნენ
სირიის ქალაქ თელ-თამერთან, თურქეთისგან მხარდაჭერილი სამხედროები აშშ-ის სამხედრო კოლონას თავს დაესხნენ.
თავდასხმის შესახებ სირიაში დაპირისპირებული მხარეების შერიგების რუსულ ცენტრს ამერიკულმა მხარემ აცნობა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
„დეკონფლიქტიზაციის ხაზით მივიღეთ ინფორმაცია, რომ თელ-თამერიდან ექვს კილომეტრში, „ემ-4“-ის ავტომაგისტრალზე, ერაყის საზღვრისკენ მოძრავი ამერიკელი სამხედროების კოლონა „თავისუფალი სირიის არმიის“ პროთურქი სამხედროების მხრიდან ცეცხლის ქვეშ მოექცა“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, 4 ნოემბერს ამერიკული სამხედრო კოლონა სირიის ქალაქ ქამიშლიში შევიდა.