სირიის მთავრობა - აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის აგრესია ფიასკოთი დასრულდება
სირიის მთავრობამ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის სამხედრო ოპერაციას აგრესია და საერთაშორისო კანონმდებლობის უხეში დარღვევა უწოდა, რომელიც, დამასკოს თქმით, ფიასკოთი დასრულდება.
„როდესაც ტერორისტები დამარცხდნენ, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ინტერვენცია დაიწყეს და სირიის წინააღმდეგ აგრესია განახორციელეს“, – ნათქვამია სირიის სახელმწიფო მედიით გავრცელებულ განცხადებაში.
სააგენტო SANA-ს ცნობით, აშშ-ის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის სამიზნე სირიის დედაქალაქის ჩრდილოეთით მდებარე კვლევითი ცენტრი და დამასკოს შემოგარენში მდებარე სამხედრო ობიექტები იყო.
მათივე ინფორმაციით, იერიში მიიტანეს ჰომსის პროვინციაში მდებარე სამხედრო ბაზებზეც, თუმცა რაკეტები ჩამოაგდეს.
„სულ 30 რაკეტა ისროლეს, მათი მესამედი ჩამოგდებულია“, – ნათქვამია განცხადებაში.
მსხვერპლის შესახებ ჯერ ცნობები არ ვრცელდება. სირიის მედია იტყობინება, რომ სამხედრო ობიექტების ნაწილი, რომელზეც იერიში მიიტანეს, ევაკუირებული იყო.