სირიის ხელისუფლებამ საბრძოლო ავიაციის ნაწილი ხმეიმიმის რუსულ ბაზაზე გადაისროლა
სირიის ხელისუფლებამ საბრძოლო ავიაციის ნაწილი ხმეიმიმის რუსულ ბაზაზე გადაისროლა

აშშ-ისა და მისი მოკავშირეების მხრიდან სირიაზე შესაძლო სარაკეტო დარტყმის ფონზე, სირიის ხელისუფლებამ საბრძოლო ავიაციის ნაწილი ხმეიმიმის რუსულ ბაზაზე გადაისროლა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Le Figaro  წერს.

როგორც გაზეთი აღნიშნავს, ხმეიმიმი არ გახდება დასავლეთის დარტყმის სამიზნე, რადგან იქ რუსეთის ძალებია დისლოცირებული.

გავრცელებული ინფორმაციით, სირიელმა სამხედროებმა ავიაბაზების, მათ შორის დუმეირის სამხედრო აეროდრომის დატოვება ჯერ კიდევ 9 აპრილს დაიწყეს.

დასავლელი მოკავშირეები სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების საპასუხოდ, შესაძლო სამხედრო ზომებს განიხილავენ.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, ვაშინგტონი სარაკეტო დარტყმების განხორციელებას გეგმავს.