სირიის ჰასაქას რეგიონში სირიელ და თურქ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა
სირიის ჰასაქას რეგიონში სირიელ და თურქ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა

სირიის ჰასაქას რეგიონში სირიელ და თურქ სამხედროებს შორის შეტაკება მოხდა.

სირიის სამთავრობო სააგენტო, „სანას“ ინფორმაციით, შეიარაღებული ჯგუფები ერთმანეთს ტალ ტამრის რაიონში დაუპირისპირდნენ, რომლის შედეგად თურქმა სამხედროებმა ცოცხალი ძალისა და ტექნიკის დანაკარგები განიცადეს.

სააგენტო „ინტერფაქსი“ კი წერს, რომ დაპირისპირებას სირიის არმიის რამდენიმე ჯარისკაცი ემსხვერპლა. “სანას“ ინფორმაციით, არტილერიის და სხვა სახის მძიმე შეიარაღების გამოყენების შემდეგ, თურქებმა სოფელ ალ-მანაჯირის დაკავება შეძლეს. თურქეთის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ რას ელ-აინის რეგიონის სოფლებს, ელ-ასადიას, ტელ-დიაბს, ელ-საფაჰს და ელ-ჯაიმას. გარდა ამისა, ქალაქ რას ელ-აინის სამხრეთით, ტელ-დიაბთან და ელ-ასადიასთან შეტაკება მოხდა თურქ სამხედროებს და ქურთ მებრძოლებს შორისაც.

აღნიშნული დასახლებული პუნქტების დიდი ნაწილი სირიის ჩრდილოეთში, თურქეთის მიერ განსაზღვრულ ე.წ. უსაფრთხოების ზონაშია მოქცეული. ანკარას სურს, რომ აღნიშნული ზონიდან სირიელი ქურთების სამხედრო ფორმირებები გავიდნენ.