სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს იწურება
სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს იწურება

სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შეჩერების ვადა დღეს საღამოს იწურება.

აშშ-ის შუამავლობით მიღწეული 120-სათიანი ზავის ვადა 22 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე იწურება. მანამდე სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების მოლაპარაკებებია დაგეგმილი. აღნიშნულ შეხვედრაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაციის საკითხის განხილვას გეგმავს.

როგორც თურქეთის ლიდერმა მანამდე განაცხადა, ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის შემდეგ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში „აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს“.

შეგახსენებთ, ანკარამ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქურთების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია 9 ოქტომბერს დაიწყო. 17 ოქტომბერს ანკარაში აშშ-ის ვიცე-პეზიდენტ მაიკ პენსსა და თურქეთის პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ თურქეთის ხელისუფლებამ ოპერაციის ხუთი დღით შეჩერების შესახებ განაცხადა. მიღწეული შეთანხმების მიხედვით, სასაზღვრო რაიონებში მყოფ სირიელ ქურთებს 30-კილომეტრიანი ზონა 120 საათის განმავლობაში უნდა დაეტოვებინათ. თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ თუ ქურთთა შეიარაღებული შენაერთები აღნიშნულ ტერიტორიას არ დატოვებენ, ანკარა ოპერაციას განაახლებს.