სირიაში სამხედრო დაჯგუფებას და დრუზების თემის წარმომადგენლებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა
სირიაში სამხედრო დაჯგუფებასა და დრუზების თემის წარმომადგენლებს შორის შეიარაღებულ დაპირისპირებას, სულ მცირე, 13 ადამიანი ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, საჰნაიაში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულებიც.
ამასთან, გავრცელებული ცნობით, დაპირისპირება დამასკო-დარაას გზაზე, აშრაფიატ საჰნაიას ხიდთან დაიწყო.
დაპირისპირება, სავარაუდოდ, გამოიწვია გავრცელებულმა ჩანაწერმა, სადაც დრუზი მამაკაცი მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედს შეურაცხყოფდა. ძლიერი სროლისა და სარაკეტო ცეცხლის ფონზე სირიის უსაფრთხოების ძალები საჰნაიას ცენტრში შევიდნენ და ძირითადად დრუზების თემის წევრებით დასახლებულ უბნებს მიაღწიეს.
პარალელურად, ისრაელის მედია წერს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალებმა თავდასხმა განახორციელა სამხედრო დაჯგუფებაზე, რომელიც დრუზების თემზე თავდასხმას გეგმავდა ქალაქ საჰნაიაში.
ისრაელის მთავრობამ თავდასხმას „გამაფრთხილებლი ოპერაცია“ უწოდა.
„ისრაელი არ დაუშვებს სირიაში დრუზების თემის დაზიანებას, ისრაელში ჩვენი დრუზი ძმებისადმი ღრმა ერთგულების გამო“, – აღნიშნულია ისრაელის მთავრობის განცხადებაში.