სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში სამთავრობო ძალების იერიშს 66 ადამიანი ემსხვერპლა
სირიის სამთავრობო ძალებმა აღმოსავლეთ ღუტაზე იერიში მიიტანეს, რასაც 66 ადამიანი ემსხვერპლა. ეს სამი წლის განმავლობაში ანკლავის ყველაზე სისხლიანი დღე იყო.
კვირის შემდეგ კი სამთავრობო ძალების თავდასხმებს დამასკოს სიახლოვეს მდებარე მეამბოხეების ბანაკში ჯამში 210 ზრდასრული და ბავშვი შეეწირა. ამის შესახებ ცნობებს სირიის ადამიანის უფლებების სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს.
საფრანგეთი სირიაში სამთავრობო იერიშებს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევად აფასებს.
სირიის არმიას ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. დამასკო კი ამბობს, რომ მათი სამიზნე ღუტაში მხოლოდ სამხედროები არიან.
როგორც Reuters წერს, ბოლო დღეების სამთავრობო ნაბიჯები ფართომასშტაბიანი და სხვადასხვა ფრონტზე გადანაწილებული ქმედებებია, რომლითაც ბაშარ ალ-ასადის ძალები მის წინააღმდეგ შვიდწლიანი აჯანყების დასრულებას ცდილობენ.
ჰუმანიტარულ საკითხებში სირიაში გაერო-ს კოორდინატორ პანოს მოუმცისის შეფასებით კი აღმოსავლეთ ღუტაში სამთავრობო ძალების მიერ საავადმყოფოებსა და სამედიცინო ობიექტებზე მიტანილი იერიშები ომის დანაშაულს უტოლდება.
სამთავრობო იერიშების შედეგად აღმოსავლეთ ღუტაში კვირის შემდეგ 54 ბავშვია გარდაცვლილი. ამის შესახებ მონაცემებს ბრიტანული სადამკვირვებლო ჯგუფი ავრცელებს.