სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბში ძლიერი აფეთქების მსხვერპლთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.
სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის სადამკვირვებლო ჯგუფის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ათეულობით პირი. მათივე ცნობით, აფეთქების სამიზნე მეამბოხეების სათავო ოფისი იყო.
გარდაცვლილებს შორის შვიდი მშვიდობიანი მოქალაქეა.
ჯერჯერობით არ არის დადგენილი, რამ გამოიწვია აფეთქება. ერთ-ერთი ვერსიით, ავტომობილში დამონტაჟებული ბომბი აფეთქდა, თუმცა ასევე არის მოსაზრება, რომ ეს დრონით თავდასხმა იყო.
სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, რომელიც სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის მონიტორინგს ეწევა, სამაშველო ჯგუფები გარდაცვლილებისა და დაჭრილების შემთხვევის ადგილიდან გამოყვანაზე მუშაობენ.
იდლიბის პროვინცია სირიაში მეამბოხეების დასაყრდენია. ის თურქეთის საზღვრის სიახლოვეს მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სირიის სამთავრობო არმიამ იდლიბზე კონტროლი 2015 წელს დაკარგა, რის შემდეგაც ის გახდა კიდეც ოპოზიციის მიერ სრულად კონტროლირებადი პროვინცია.