დღეს, ეროვნული საფეხბურთო ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩი გაიმართა. ეროვნული ლიგა 2-ის მესამეადგილოსანმა ბოლნისის „სიონმა“ თამაზ სტეფანიას სახელობის სტადიონზე ეროვნული ლიგის მერვეადგილოსან ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა.
თამაში ძალიან დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა: მრავალრიცხოვანი გულშემატკივრისგან გამხნევებული მასპინძლები 27-ე წუთისთვის ვეტერანი ჯაბა დვალის დუბლით 2:0 დაწინაურდნენ. მაგრამ დავით კვირკველიას (36-ე წუთზე) და ვაკო თევდორაძის (40) გოლებით დინამოელებმა წონასწორობა აღადგინეს.
ტაიმის ბოლო წამზე დვალმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და როგორც გაირკვა, საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:2 “სიონის” სასარგებლოდ.
გუნდები განმეორებით შეხვედრას 3 დეკემბერს, ბათუმის “რაგბი-არენაზე” ჩაატარებენ.
ფოტო: fb.com/FCSIONIBolnisi