„სიონი“ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო
„სიონი“ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო

ბოლნისის მუნიციპალიტეტში საქველმოქმედო ღონისძიებებმა მასშტაბური სახე მიიღო, საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ, შეჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, კერძო და ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით არაერთი აქცია ჩატარდა.

სოლიდარობის ფარგლებში შეჭირვებული ოჯახების დახმარება გრძელდება, მორიგი დახმარება დღეს ბოლნისის რაგბის კლუბმა „ყოჩებმა“ განახორციელეს, სოლიდარობის აქციაში საფეხბურთო კლუბი „სიონიც“ ჩაერთო – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბის ფეხბურთელებმა და ადმინისტრაციამ საკუთარი სახსრებით, 40 სასურსათო პაკეტი შეიძინეს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცეს.

„ჩვენ გავაკეთეთ ეს, როგორც ცხოვრებაში მთავარი მოტივაცია. სიკეთე გადამდები უნდა იყოს, ამიტომ დღეს ჩვენ მცირედით დავეხმარეთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ამ ეტაპზე ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ. გუნდი საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობას სამომავლოდაც გეგმავს. ვიმედოვნებ, პანდემია მალე გადაივლის და ცხოვრების ჩვეულ რიტმს დავუბრუნდებით“, – აღნიშნა „სიონის“ დირექტორმა ლევან სანიკიძემ.