„სიონი“ სამ საშინაო მატჩს უმაყურებლოდ ჩაატარებს - ბოლნისელებმა ნუგზარ სპანდერაშვილი დაიმატეს #1TVSPORT
ნუგზარ სპანდერაშვილი ბოლნისის „სიონში“ ითამაშებს – კლუბის პრესსამსახურის ცნობით, 24 წლის ფეხბურთელი „სიონის“ ღირსებას ერთი წლის განმავლობაში დაიცავს.
სპანდერაშვილი თავდამსხმელია. კარიერა „გაგრაში“ დაიწყო, საიდანაც 2019 წელს გორის „დილაში“ მიიწვიეს. თავიდან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო, მაგრამ 2021 წელს ტრავმის გამო დიდი დრო გაუცდა.
ამავე დროს ცნობილი გახდა, რომ ბოლნისის „სიონი“ საწყის თამაშებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ჩაატარებს. გუნდი ახალ სეზონს 28 თებერვალს, „ლოკომოტივთან“ დაპირისპირებით იწყებს. მატჩი ილია კოკაიას სახელობის თბილისის ზღვის საფეხბურთო კომპლექსში გაიმართება.
პირველ საშინაო შეხვედრაში „სიონი“ 5 მარტს საგარეჯოს „გარეჯს“ უმასპინძლებს. თუმცა, გასულ წელს დაკისრებული სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის გამო, გულშემატკივარი ბოლნისში თამაშს ვერ დაესწრება.