სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ძლიერი ნალექი
დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში – დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სინოპტიკოსების ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5- ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.
„დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა, შესაძლებელია, აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში – წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში – მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს. საფრთხის დონე – საშუალო“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.