„სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება
„სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია ხვალ დაიწყება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „სინოფარმის“ მეორე დოზისთვის რეგისტრაცია ხვალ, საღამოს რვა საათიდან დაიწყება.

„სინოფარმის“ მეორე დოზების ვაქცინაცია მოსახლეობას უწევს უკვე 25 მაისის შემდეგ და ხვალ დღის ბოლოდან, რვა საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლობას „სინოფარმის“ მეორე დოზებზე“, – განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, ქვეყანა „სინოფარმის“ ახალ დოზებს, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე მიიღებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ „სინოფარმის“ ახალ დოზებს მივიღებთ ივნისის დასაწყისიდან შუა რიცხვებამდე, ამასთან დაკავშირებით მომდევნო კვირაში დასრულდება მოლაპარაკებები და უფრო ზუსტ ინფორმაციას გაგაცნობთ. იგივე შეეხება წითელი ჯვრის მიერ ნაჩუქარ 100 000 დოზა „სინოფარმს“, რომლის მოწოდებასაც ველოდებით“, – აღნიშნა გაბუნიამ.

აცრისთვის ვიზიტის დასაჯავშნად შეგიძლიათ ეწვიოთ booking.moh.gov.ge-ს ან დარეკოთ ნომერზე 1522.