სინგაპურიდან ნიუ იორკში მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისი სრულდება
„სინგაპურის ავიახაზების“ კუთვნილი თვითმფრინავი სინგაპურიდან ნიუ იორკში მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ – 19-საათიან ავიარეისს ასრულებს. ავიალაინერის ბორტზე 150 მგზავრი და ეკიპაჟის 17 წევრი იმყოფება. რეისმა SQ22 ჩანგის აეროპორტი ადგილობრივი დროით 15:37 საათზე დატოვა. ხანგრძლივი ფრენის განმავლობაში ბიზნესკლასის მგზავრებს მათთვის მისაღებ დროს ორ ძირითად კვებას შესთავაზებენ და შუალედებში წასახემსებლად ცხელ სასმელსა და ორცხობილებს მიართმევენ. აღსანიშნავია, რომ ამ რეისისთვის არ არსებობს ეკონომკლასის ბილეთები. შედარებით იაფფასიანი პრემიუმ ეკონომკლასია, რომლის მგზავრებსაც ფრენის განმავლობაში ფიქსირებულ დროს სამ ძირითად კვებას შესთავაზებენ.
ავიაკომპანიაში აღნიშნავენ, რომ რეისის დანიშვნის მიზეზი მგზავრთა მოთხოვნა გახდა, რომელთაც სინგაპურიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან მგზავრობა ტრანზიტით, რამდენიმე რეისის შეცვლით უწევდათ.
თვითმფრინავის სალონში სულ 161 ადგილია. აქედან 67 ბიზნესკლასის, 94 კი – პრემიუმ ეკონომკლასის.