სიმსივნეების პლანეტა – ჯანმო კიბოს შემთხვევების მკვეთრი ზრდის შესახებ გვაფრთხილებს
საილუსტრაციო ფოტო
მედიცინის სფეროში მნიშვნელოვანი მიღწევების მიუხედავად, ბოლო წლებში კიბოს შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად არის გაზრდილი. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ბოლო ანგარიშის თანახმად, სიმსივნის შემთხვევების რაოდენობა 2050 წლისთვის, სავარაუდოდ, გაორმაგდება.
კიბოს გამო ყოველდღიურად 26 000 ადამიანი იღუპება. ეს წელიწადში, მსოფლიოს მასშტაბით, 10 მილიონ გარდაცვლილს ნიშნავს, ანუ თითქმის იმდენივეს, რამდენიც ჩეხეთის მთელი მოსახლეობაა. ამასთან, მსოფლიოში ყოველწლიურად კიბოს დაახლოებით 20.6 მილიონი ახალი გამოვლენის დიაგნოზს სვამენ.
ეს ამჟამინდელი მონაცემები, თავისთავად, უკვე საგანგაშოა, თუმცა ჯანმო-ს ახალი ანგარიშის თანახმად, უახლოეს მომავალში მდგომარეობა, შესაძლოა, დრამატულად გაუარესდეს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ სასწრაფო ზომების არმიღების შემთხვევაში, 2050 წლისთვის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა წელიწადში თითქმის 35 მილიონამდე გაიზრდება.
„კიბო ღრმად პერსონალური დაავადებაა, რომელიც თითქმის თითოეულ ჩვენგანზე ახდენს გავლენას. გადაურჩება თუ არა ვინმე კიბოს, არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, თუ სად დაიბადა ის ან რამდენს გამოიმუშავებს“, – ამბობს ჯანმო-ს გენერალური დირექტორი, ტედროს ადანომ გებრეისუსი იმ ფონზე. ამ შემთხვევაში, მას მხედველობაში აქვს ანგარიშში მოყვანილი მზარდ უთანასწორობა პრევენციის, დიაგნოსტიკის, მკურნალობისა და მოვლის ხელმისაწვდომობაში, რაც მილიონობით ადამიანს საჭირო სერვისების გარეშე ტოვებს.
ანალიზი აჩვენებს, რომ მაშინ, როდესაც მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში მკერდის კიბოს მქონე ქალების 87 პროცენტი დიაგნოზიდან ხუთი წლის განმავლობაში ცოცხლობს, დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 42 პროცენტს არ აღემატება. „ამ ანგარიშში დოკუმენტირებული უთანასწორობა სავალდებულო და გარდაუვალი არ უნდა იყოს. ის არასწორი არჩევანის შედეგია და მათი შეცვლა უფრო ძლიერი და კოორდინირებული მოქმედებებით არის შესაძლებელი“, – დასძინა ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა.
დაავადება, რომელიც ყველას ეხება
კიბო თანამედროვე სამყაროში იმდენად გავრცელდა, რომ მისი გავლენისგან თავის არიდებას, ფაქტობრივად, ვერავინ ახერხებს. ადამიანების უმეტესობა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აწყდება ამ დაავადებას, საკუთარი ან ოჯახის ახლო წევრის დიაგნოზიდან გამომდინარე.
ჯანმრთელობაზე გავლენასთან ერთად, კიბოს უფრო ფართო შედეგებიც აქვს. ის ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველი ფინანსური და სოციალური გამოწვევაა, რომლის წინაშეც შეიძლება ოჯახი აღმოჩნდეს. კიბოთი დაავადებულ ადამიანებს შორის ჯანმო-ს მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ მათი, სულ მცირე, 45 პროცენტი ფინანსურ გასაჭირში ჩავარდა, ხოლო ნახევარზე მეტმა კიბოთი გამოწვეულმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე გაამახვილა ყურადღება.
კიბო ფართოდ არის გავრცელებული, მაგრამ არათანაბრად განაწილებული. 2024 წელს კიბოს ყველა შემთხვევის ნახევარზე მეტი (50,7 პროცენტი) და სიკვდილიანობის ყველაზე დიდი წილი (56,5 პროცენტი) აზიაზე მოდიოდა, თუმცა ამას, ძირითადად, კონტინენტის მოსახლეობის მრავალრიცხოვრება განაპირობებს.
ევროპას არაპროპორციულად დიდი ტვირთი აწევს, რადგან მასზე კიბოს გლობალური შემთხვევების 21 და სიკვდილიანობის 20 პროცენტი მოდის, მიუხედავად იმისა, რომ აქ მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 9 პროცენტი ცხოვრობს. ამის საპირისპიროდ, აფრიკის ბევრ ქვეყანაში და აზიის ზოგიერთ ნაწილში ავადობის დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება, თუმცა სიკვდილიანობა არაპროპორციულად მაღალია.
კიბოს შემთხვევების თითქმის ნახევრის პრევენცია შესაძლებელია
მსოფლიოში სიმსივნით გამოწვეული სიკვდილიანობის წამყვან მიზეზად ფილტვის კიბო რჩება. მამაკაცებში ყველაზე გავრცელებულია ფილტვის, პროსტატისა და კოლორექტული (მსხვილი ნაწლავის) კიბო, ხოლო ქალებში ამ დაავადების მნიშვნელოვანი წილი მკერდის, ფილტვისა და კოლორექტულ კიბოზე მოდის.
მსოფლიოში კიბოს ყოველი 10 შემთხვევიდან თითქმის 4 პრევენცირებად რისკ-ფაქტორებთან, პირველ რიგში კი ისეთ ინფექციებთან არის დაკავშირებული, როგორიცაა ადამიანის პაპილომავირუსი (HPV), ჰეპატიტი B და C და ჰელიკობაქტერ პილორი (Helicobacter pylori). ასევე ანგარიშგასაწევი ფაქტორებია ალკოჰოლის მოხმარება, თამბაქოს მოწევა, სხეულის მასის მაღალ ინდექსი და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა. ჯანმო-ს განცხადებით, ეს ხაზს უსვამს პრევენციის გადამწყვეტ როლს, რადგან კიბოს ყველა შემთხვევის თითქმის ნახევრის თავიდან აცილება პოტენციურად შესაძლებელია.
„იმ ქვეყნებში, სადაც პრევენციული ღონისძიებები დაინერგა, ჩვენ ვხედავთ ზოგიერთი ტიპის კიბოთი ავადობის შემცირებას, მაგრამ პროგრესი ძალიან ნელია“, – განაცხადა ჯანმო-ს კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა, ელისაბეტ ვეიდერპასმა. „კიბოს პროფილი იცვლება და მას სულ უფრო მეტად აყალიბებს სიმსუქნის მზარდი მაჩვენებლები, არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა, არაჯანსაღი კვება და ჰაერის დაბინძურება. კიბოს პრევენცია მთავრობების პოლიტიკურ პრიორიტეტად უნდა დარჩეს“, – დასძინა მან.