სიმონე ინძაგი - „მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა #1TVSPORT
„ინტერმა“ იტალიის ჩემპიონატის 37-ე ტურის შეხვედრაში „ატალანტა“ 3:2 დაამარცხა, გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე გადავიდა და მომდევნო სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზურს ძალიან მიუახლოვდა.
მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ „ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა, სიმონე ინძაგიმ ჩემპიონთა ლიგის მოახლოებული ფინალის შესახებაც ისაუბრა, რომელშიც იტალიური გრანდი „მანჩესტერ სიტის“ დაუპირისპირდება.
„სეზონის ბოლოა, უამრავი მატჩი ჩავატარეთ და ახლა დასვენება გვჭირდება. ჩემპიონთა ლიგის ფინალში მნიშვნელოვანი იქნება ისეთივე აგრესიულები ვიყოთ, როგორებიც „ატალანტას“ წინააღმდეგ ვიყავით.
„მანჩესტერ სიტი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ისინი ფავორიტები არიან, თუმცა ჩვენ საკუთარი შესაძლებლობების გვჯერა“, – განაცხადა სიმონე ინძაგიმ.
მიმდინარე სეზონში „ინტერმა“ უკვე მოიპოვა ორი ტიტული – იტალიის თასი და სუპერთასი. ჩემპიონთა ლიგის ფინალს ინძაგის გუნდი 10 ივნისს სტამბულში ითამაშებს.