სილვიუ დომენტე - მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის საჭიროა ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რაზეც საქართველოს ხელისუფლებასთან ვმუშაობთ
სილვიუ დომენტე - მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის საჭიროა ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რაზეც საქართველოს ხელისუფლებასთან ვმუშაობთ

მედიკამენტების ფასების რეგულირებისთვის საჭიროა ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რაზეც საქართველოს ხელისუფლებასთან ვმუშაობთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სილვიუ დომენტემ საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

სილვიუ დომენტემ ისაუბრა კვლევაზე, რომლის მიხედვითაც, საქართველოში მოქალაქეების მიერ სამედიცინო სერვისებსა, თუ მედიკამენტებში გადახდილი თანხა ხშირად ოჯახების გაღარიბებას იწვევს, რაც, მისივე თქმით მიუღებელია.

„უმთავრესი მიზეზი ადამიანების მიერ ჯანდაცვის სერვისებზე საკუთარი ჯიბიდან გადახდილი თანხაა. ცხადია, გარკვეული თანხის გადახდა მოქალაქეებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში უწევთ, თუმცა საქმე თანხის რაოდენობაშია, რამდენად ზემოქმედებს ჯანდაცვის სერვისებში ჯიბიდან გადახდილი თანხა ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე. საქართველოში მოქალაქეების მიერ გადახდილი თანხები საკმაოდ დიდია მიუხედავად რეფორმისა, რომელიც 2013 წლიდან დაიწყო, როდესაც ჯანდაცვის უნივერსალური სისტემა შემოიღეს. ცხადია, ეს დადებითი ნაბიჯი იყო საქართველოსთვის, რადგან ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად მოქალაქეებისათვის ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით სიტუაცია გაუმჯობესდა“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

სილვიუ დომენტეს თქმით, დინამიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში მოქალაქეები ჯანდაცვის სერვისებს უფრო მეტად იყენებენ.

„ჯიბიდან გადახდილი თანხა მაინც მაღალია და ჩვენ ვცდილობთ, გავარკვიოთ, რატომ ხდება ასე. დავადგინეთ, რომ მოქალაქეები ყველაზე ხშირად ფულს იხდიან წამლების შესაძენად, შემდეგ ჰოსპიტალური სერვისებისა და პაციენტების მომსახურებისთვის. საქართველოში ჯიბიდან გადახდილი თანხის რაოდენობა საერთო ხარჯის 48 პროცენტს აღწევს. ევროპულ რეგიონთან შედარებით ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ევროპის რეგიონში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 30 პროცენტია. შედეგად, საქართველოში ოჯახების 7 პროცენტის შემთხვევაში ჯანდაცვის სერვისებში ჯიბიდან გადახდილი თანხა მათ გაღარიბებას იწვევს, ხოლო ოჯახების 17 პროცენტისთვის  ეს ხარჯები კატასტროფულია. ცხადია, ეს არ არის კარგი და პირველ რიგში ღარიბ მოქალაქეებზე აისახება. რა შეიძლება იყოს გამოსავალი? მტკიცებულები აჩვენებს, რომ რაც უფრო მცირეა ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა, მით უფრო მეტია მოქალაქის მიერ გაწეული ხარჯი. სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება კვლავ ძალიან დაბალია. ჩემ მიერ ნახსენები რეფორმის შედეგად, ეს დაფინანსება მთლიანი შიდა პროდუქტის 2,1 პროცენტიდან 2,9 პროცენტამდე გაიზარდა, თუმცა ევროპის რეგიონის საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც 4,9 პროცენტს შეადგენს, ეს მაინც ძალიან დაბალი ნიშნულია. რაც შეეხება ევოკავშირის წევრ ქვეყნებს, იქ ეს მაჩევნებლი მთლიანი შიდა პროდუქტის 7 პროცენტსაც კი აღწევს“, – აღნიშნა სილვიუ დომენტემ.

იგი მიიჩნევს, რომ ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა უნდა გაიზარდოს.

„ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა უნდა გაიზარდოს და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. ეს საკითხი განვიხილეთ მთავრობასთან, ფინანსთა სამინისტროსთან, თუმცა მხოლოდ დაფინანსების გაზრდა არაა საკამარისი. მნიშვნელოვანია, თუ როგორ ხდება მოქალაქეთა მიერ ჯანდაცვის სფეროს სერვისებში გადახდილი თანხების თანადაფინანსება სახელმწიფოსგან. ჩვენ ვიცით, რომ ღარიბი მოქალაქეების ნაწილი ვერ იღებს ამ დაფინანსებას. მაგალითად, მათ არ უფინანსდებათ წამლების შესაძენად გაწეული ხარჯი ან სამედიცინო სერვისებში გადახდილი თანხის ნაწილის დაფარვა. ეს კი ტვირთად აწვება მოქალაქეებს. არსებობს თანადაფინანსების სისტემის სხვადასხვა სქემა. მაგალითად, ე.წ. თანაბარი განაკვეთი. აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს მოქმედი სისტემით, მოქალაქეთა მიერ ჯიბიდან გადახდილი თანხების ზედა ზღვარი არ არსებობს, რაც  მოქალაქეთა გაღარიბებას იწვევს. ამ საკითხის გადასაჭრელად მთავრობას შეუძლია, გაზარდოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება, ასევე ზოგიერთი დაუცველი ჯგუფი შესაძლოა, საერთოდ გათავისუფლდეს სერვისებში თანხის გადახდისგან. მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ მოქალაქეთა ხარჯის 70 პროცენტი მედიკამენტებზე მოდის, ძალიან მნიშვნელოვანია წამლების ფასების საკითხის გადაჭრა“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეფასებით, საქართველოში ფარმაცევტული ბიზნესი ფაქტობრივად არ რეგულირდება.

„საქართველოში ლიბერალური მიდგომაა ამ ბაზრის მიმართ და ის თავისუფალი ბაზრის პრინციპით მოქმედებს. ეს ხშირად იწვევს წამლების ფასების ზრდას და სხვადასხვა ძვირადღირებული ბრენდის წამლების ფართოდ გავრცელებას. ამავე დროს, სამედიცინო სერვისების მოცულობაც მკაფიოდ არ არის დარეგულირებული. ასევე, აუცილებელია მედიკამენტების რაციონალურად გამოყენება. ყოველივე ეს იწვევს მედიკამენტების მაღალ ფასებს. არსებობენ ბრენდები, რომლებიც ჯენერიკ მედიკამენტებზე ძვირად ყიდიან ამავე შეამდგენლობის წამლებს. ხშირად გავაქვს წამლების გადაჭარბებული რაოდენობით მოხმარების შემთხვევებიც. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სამედიცინო პროდუქტებისთვის ახალი საკონონმდებლო ჩარჩოს შემუშავება, რაზეც მთავრობასთან და პარლამენტთან უკვე ვმუშაობთ. კანონპროექტი უკვე მზადაა და ის პარლამენტშია წარდგენილი. იმედი გვაქვს, რომ ამ საკითხზე დისკუსიები მალე დაიწყება და შედეგად მივიღებთ ჩარჩოს, რომელიც მოიცავს როგორც მედიკამენტების ფასების, ისე ხარისხის რეგულირებას და წამლებიც უფრო ხელმისაწვდომი გახდება. ცხადია, ეს იქნება ლეგალური ჩარჩო, თუმცა შემდეგ აუცილებელი იქნება მისი ამოქმედება, რაც სპეციფიკური რეგულაციების დანერგვას მოუითხოვს. სხვადასხა ქვეყნებში არსებობს ე.წ. აუცილებელი მედიკამენტების ნუსხა. შემდეგ მთავრობა მუშაობს ე.წ. პოზიტიური წამლების სიაზე, რომლებსაც სახელმწიფო სრულად ანაზღაურებს ან ხდება შეთანხმება, თუ რამდენ პროცენტს გადაიხდის მოქალაქე და რამდენს დაფარავს სახელმწიფო. ასევე, არსებობს ე.წ. საორიენტაციო ფასები, რომელთა დადგენაც ხდება სხვადასხვა 5 ქვეყანაში ერთი და იმავე მედიკემენტის ფასის შედარების საფუძველზე. შემდეგ ამ ე.წ. საორიენტაციო ფასს სთავაზობენ ფარმაცევტულ კომპანიებს. ასე რომ, არსებობს სხვადასხვა მექნიზმი, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

ამასთან, სილვიუ დომენტე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროსთვის ბიუჯეტის გაზრდა საკმარისი არ არის, საჭიროა დაფინანსების სწორი გადანაწილება.

„დღეს ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის უდიდესი ნაწილი განსაზღვრულია ჰოსპიტალური, სპეციალიზებული მომსახურებისთვის, გეგმური ოპერაციებისთვის და ა.შ. იმ ფონზე, როდესაც ჯანდაცვის ძლიერი სისტემის მქონე ქვეყნებში რესურის დიდი ნაწილი პირველად ჯანდაცვაში იხარჯება, რადგან მოქალაქეებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების 70-80 პროცენტის მოგვარება პირველადი ჯანდაცვით შეუძლიათ. ასე რომ, ეს კიდევ ერთი მიმართულებაა, რომელზეც ჯანდაცვის სამინისტროთან ერთად ვმუშაობთ. მთავრობამ წელს, ივლისში უკვე წარმოადგინა პირველადი ჯანდაცვის დიდი რეფორმა, რომლითაც ქალაქებსა და სოფლებში უფრო მიმზიდველი გახდება პირველადი ჯანდაცვა. ამ გზით შესაძლებელია სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა. ეს სერვისები ნაკლებ ხარჯს მოითხოვს და აღნიშნული მომსახურება მუდმივად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. ამ შემთხვევაში მოქალაქეები აღარ მიმართავენ უფრო ძვირადღირებულ გეგმურ სერვისებს ჰოსპიტლებში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა. ერთი მხრივ, ჩვენ ვაძლიერებთ პირველად ჯანდაცვას, მეორე მხრივ კი, უკეთესად ხდება მედიკამენტების ფასებისა და ხარისხის რეგულირება“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.