სილვიუ დომენტე - კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მგზავრობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია​
სილვიუ დომენტე - კორონავირუსთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მგზავრობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაცია ჯერ არ გაუცია​

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ ვითარებას ძალიან ყურადღებით აკვირდება​, – ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, სილვიუ დომენტემ განაცხადა.

როგორც სილვიუ დომენტემ აღნიშნა, გუშინ ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც კორონავირუსზე იმსჯელეს.

„სხდომის მიზანი იყო სიტუაციის გაანალიზება და გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, გამოცხადდეს თუ არა საგანგებო მდგომარეობა საერთაშორისო დონეზე. კომიტეტის წევრებმა მოისმინეს ანგარიშები, ასევე მიიღეს ინფორმაცია ჩინეთის ხელისუფლებისგან და სხვა ქვეყნების მთავრობებისგან, სადაც ვირუსი გამოვლინდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისია ჩინეთში განაგრძობს ადგილზე მუშაობას. სამწუხაროდ, გუშინ მიღებული ინფორმაცია არ იყო სრულად საკმარისი საბოლოო დასკვნების გასაკეთებლად. საჭიროა დამატებითი ინფორმაცია და ის გროვდება. ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ კომიტეტი დღეს კვლავ გამართავს სხდომას მიღებული დამატებითი ინფორმაციის გასაანალიზებლად. შესაძლოა, დღეს ჩვენ გვქონდეს საბოლოო გადაწყვეტილება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ჩინეთში და მის ფარგლებს გარეთ ვითარებას ძალიან ყურადღებით აკვირდება“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყნები მოემზადონ ჯანმრთელობის კუთხით საერთაშორისო დონეზე შესაძლო საგანგებო მდგომარეობისთვის.

„ქვეყნები მზად უნდა იყვნენ ვირუსის შესაძლო გავრცელებისთვის, რაც გულისხმობს მათი ლაბორატორიების, ჯანდაცვის დაწესებულებების, მედპერსონალის პოტენციალის, მგზავრთა მიმღები პუნქტების – აეროპორტების, პორტების შემოწმებას და ა.შ. ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის მგზავრობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რაიმე სახის რეკომენდაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას არ გაუცია“, – განაცხადა სილვიუ დომენტემ.