სიღარიბე ლატვიაში: როდის უნდა ველოდოთ უკეთესობისკენ ცვლილებებს?

16:50, 01.09.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

თითქმის 700 ევრო ერთ ადამიანზე და 1400 ევროზე ოდნავ მეტი ორშვილიან ოჯახზე – ასეთია სიღარიბის ზღვარი, რომლის გადალახვასაც ლატვიის ყოველი მეხუთე მცხოვრები ვერ ახერხებს. სიღარიბის დონითა და საზოგადოებაში არსებული სოციალური უთანასწორობით, ლატვია მტკიცედ ინარჩუნებს ევროპაში ლიდერის სტატუსს. ასეთი ვითარების შეცვლა იმ დეპუტატების პირდაპირი მოვალეობაა, რომლებსაც მოსახლეობა 4 ოქტომბერს ახალ სეიმში აირჩევს. თუმცა, როგორც პარტიების საარჩევნო პროგრამების შესწავლისას გაირკვა, ამ პრობლემაზე ყურადღებას თითქმის არავინ ამახვილებს.

ანტონია და ზინაიდა უფასო სასადილოში ცხელი სადილისთვის მივიდნენ. კატლეტი, კარტოფილი, სალათი – მათი ცხოვრების მოკრძალებული პირობების გათვალისწინებით, ეს ფასდაუდებელი დახმარებაა. ზაფხულშიც კი აქ საჭმელად ასამდე ადამიანი მოდის.

ზინაიდა რუშკო, პენსიონერი:

– ძალიან ჭირს, ძალიან ძნელია ცხოვრება… თითოეულ კაპიკს ვითვლი. ჰო, ასეთ დღეში ვარ. ომის შემდეგ ცოცხალი დავრჩი, დედაჩემი აქ ყველას ეხმარებოდა… მე კი კარდაკარ სიარული და მოწყალების თხოვნა მიწევს.

ზინაიდა 80 წელს გადაცილებულია. 476-ევროიანი პენსიით არსებობა შეუძლებელია – გადასახადებისა და წამლების ყიდვის შემდეგ, პრაქტიკულად, აღარაფერი რჩება. სიღარიბის რისკის ქვეშ, ყველაზე ხშირად, სწორედ პენსიონერები – განსაკუთრებით მარტოხელები და ქალები – ხვდებიან. მეორე ყველაზე მრავალრიცხოვან რისკ-ჯგუფში კი ის ოჯახები შედიან, სადაც ბავშვებს მხოლოდ ერთი მშობელი ზრდის.

მარტა, სამი შვილის დედა:

– უპირველეს ყოფლისა, ყველა გადასახადს ვიხდი, რომ დავალიანება არ დამიგროვდეს. ეს ჩემი პრიორიტეტია. ღმერთმა ნუ ქნას, ვალებში გადავვარდე. სწორედ იმან გადამარჩინა, რომ ნებისმიერ ვალს ვერიდებოდი. ძალიან, ძალიან მოკრძალებულად ვიკვებებით. ზოგჯერ, როდესაც მთელ საკვებს ბავშვები შეჭამენ ხოლმე, ვფიქრობ – მე რაღა ვჭამო?

მარტა ამბობს, რომ ახლა ვითარება შედარებით გაუმჯობესდა – მისი ოთხსულიანი ოჯახის შემოსავალი თვეში 800-დან 1300 ევრომდე მერყეობს, თუმცა არ მალავს, რომ თავის გატანაში სასურსათო დახმარების ამანათები ეხმარება.

სიღარიბისა და უთანასწორობის დონით, ლატვია, ევროკავშირის სხვა ქვეყნების ფონზე, საკმაოდ სავალალოდ გამოიყურება.

სიღარიბის რისკის ზონაში ამჟამად ლატვიის მოსახლეობის თითქმის მეოთხედი – 404 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს რაოდენობრივი მაჩვენებელი თანდათან მცირდება, 2030 წლისთვის მისი 16%-მდე შემცირებამდე, რაც ხელისუფლების მიზანს წარმოადგენს, ქვეყანა ჯერ კიდევ ძალიან შორს არის. ეს ამოცანა სეიმის მომდევნო შემადგენლობამ უნდა გადაჭრას. სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში აღიარებენ, რომ ერთ-ორ დღეში ვითარების შეცვლა შეუძლებელია, თუმცა ასევე დასძენენ – მინიმალური შემოსავლების რეფორმირების წყალობით, ბევრი რამ უკეთესობისკენ იცვლება.

ევია კულა, სოცუზრუნველყოფის სამინისტროს სოციალური პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორი:

– დიდი სურვილი გვქონდა, ეს რეფორმა რაც შეიძლებოდა სწრაფად გაგვეტარებინა, რათა ყოველწლიურად არ დავბრუნებოდით საკითხს, თუ რა ოდენონობით უნდა გაზრდილიყო სოციალური დახმარების ესა თუ ის სახეობა – მინიმალური შემწეობა იქნებოდა ის თუ მინიმალური პენსია. ბოლოს, შემუშავდა ფორმულა, რომლის მიხედვითაც ეს შემოსავლები ლატვიის მოსახლეობის საერთო შემოსავალზეა მობმული და შესაბამისად იცვლება. ანუ, ყოველწლიურად, 1 იანვარს, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის შემოსავლების ზრდასთან ერთად, მინიმალური შემოსავლის ყველა სახეობაც შესაბამისად იზრდება.

ამასთან, ლატვიის ყველაზე ღარიბ და მდიდარ მოსახლეობას შორის უფსკრული სულ უფრო ღრმავდება. ზოგს თვეში საშუალოდ 317 ევროთი ძლივს გააქვს თავი, მაშინ როცა სხვების შემოსავალი 2 000 ევროს აღემატება. ეს საზოგადოებაში აღშფოთებასა და უკმაყოფილებას იწვევს.

რა შეიძლება გაკეთდეს ვითარების შესაცვლელად? ერთ-ერთი გამოსავალად სახელდება მიზნობრივი დახმარების გაწევა მათთვის, ვისაც ეს არა მხოლოდ სჭირდება, არამედ, ამავე დროს, სიღარიბიდან თავის დაღწევის ნაკლები შესაძლებლობა აქვს. ვითარებას ისიც ართულებს, რომ დახმარების საჭიროების მქონე ადამიანებს ამუნათებენ და ჭკუას არიგებენ. მათ შორის – პოლიტიკოსებიც…

ანა ზაბიცკა, სოციალური ანთროპოლოგი:

– ჩვენთან მოსახლეობის დიდი ნაწილი სიღარიბეში ცხოვრობს. ხშირად ვცდილობთ, ამაზე პასუხისმგებლობა თავად ამ ადამიანებს დავაკისროთ: ვეუბნებით, ცხოვრებაში ეს უკეთესად უნდა გაგეკეთებინა, ის კიდევ უფრო უკეთესად და მაშინ მეტს მიაღწევდიო.

რეალურად რატომ არის სიღარიბისგან თავის დაღწევა ასე წარმოუდგენლად რთული? იმიტომ, რომ ის სტრუქტურიზებულია და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ინდივიდის სურვილზე, რომ უფრო მეტი გააკეთოს და უფრო მეტად მოინდომოს, რათა სიდუხჭირეს სწრაფად დააღწიოს თავი.

ლატვიის სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროში გამოსავალს საბაზისო პენსიების დანერგვაში ხედავენ.

პრაქტიკულად ეს ნიშნავს ყოველთვიურად 20-57 ევროთი შემოსავლების გაზრდას, შრომითი სტაჟისა და პენსიის დანიშვნის პერიოდის გათვალისწინებით. თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკოსებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ.

უფრო რთულადაა საქმე მარტოხელა მშობლებთან მიმართებაში. სოციალურ უწყებაში ამბობენ: ვცდილობთ ამ ჯგუფის იდენტიფიცირებას, რათა მიზნობრივად დავეხმაროთ. ერთ-ერთი იდეა იმ მშობლების მხარდაჭერა იყო, ვისი შვილების დაბადების მოწმობაშიც მამის შესახებ ჩანაწერი არ არის. თუმცა, ესეც დახმარების საჭიროების მქონეთა მხოლოდ მცირე ნაწილის დაფარვის საშუალებას იძლევა.

პოლიტიკური პარტიების უმეტესობა თავის საარჩევნო პროგრამებში დაუბეგრავი მინიმუმისა და მინიმალური ხელფასის ოდენობის გაზრდაზე საუბრობს. თუმცა, ეს ბევრს არაფერს შეცვლის, როდესაც თავად შემოსავლები დაბალია.

სტატიის ავტორები: ანდრეი ხუტუროვი და ინგა შნორე – „ლატვიის ტელევიზია“ (Latvian Television) და ლატვიის საზოგადოებრივი მედიამაუწყებელი (LSM – Latvijas Sabiedriskie Mediji)

ფოტო: ფოტოებისა და გრაფიკული რესურსების ონლაინ პლატფორმა freepik-ი

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 31 აგვისტო, 2026 წელი, 19:50 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი