„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკელი ოფიციალური პირები აქტიურად მუშაობენ, რათა რეაგირება მოახდინონ რუსეთის მიერ ევროპისთვის ენერგომატარებლების მიწოდების შემცირებაზე
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კულისებს მიღმა აქტიურად მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ ევროპელი პარტნიორების ერთიანობის შენარჩუნებისთვის, იმ ფონზე, როცა რუსეთი აგრძელებს ბუნებრივი აირის მიწოდების შემცირებას ევროპის ქვეყნებისთვის, რაც პანიკას იწვევეს ბუნებრივი აირის პოტენციური დეფიციტის შექმნის თვალსაზრისით – ამის შესახებ „სიენენი“ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
„ეს ჩვენი ყველაზე დიდი შიში იყო“, – აცხადებს ამერიკელი ოფიციალური პირი მედიასთან საუბარში. „სიენენის“ ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან გერმანელ და ფრანგ ოფიციალურ პირებთან, უკიდურესად შეშფოთებული არიან, რადგან შესაძლოა, ზამთარში ევროპაში ბუნებრივი აირის სერიოზული დეფიციტი შეიქმნას.
მედიის ცნობით, ორშაბათს რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი ერთის“ კიდევ ერთი მილსადენის მუშაობას შეაჩერებს. ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებით იყო განპირობებული, რამაც დასავლეთი გაურკვევლობაში ჩააგდო, ექნება თუ არა ევროპას საკმარისი გაზი ზამთრის განმავლობაში.
„სიენენის“ ინფორმაციით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თეთრმა სახლმა გლობალური ენერგიის საკითხებში პრეზიდენტის კოორდინატორი ამოს ჰოშტეინი ევროპაში გაგზავნა. ის ჯერ პარიზში ჩავა, შემდეგ კი, ბრიუსელში, სადაც ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.