„სიენენი“ - სამხედრო და ფინანსურ დახმარებასთან ერთად, რუსეთმა ჩინეთს სამხედროებისთვის მზა საკვები ულუფები სთხოვა
რუსეთის მიერ ჩინეთისთვის დახმარების თხოვნასთან დაკავშირებით ამერიკული ტელეკომპანია „სიენენი“ დამატებით ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც „სიენენი“ ორ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, სამხედრო და ფინანსურ დახმარებასთან ერთად, რუსეთმა ჩინეთს სამხედროებისთვის მზა საკვები ულუფები სთხოვა. როგორც ტელეკომპანია აღნიშნავს, ეს თხოვნა ხაზს უსვამს საბაზისო ლოგისტიკურ პრობლემებს, რომლებიც, სამხედრო ანალიტიკოსების აზრით, აფერხებს რუსეთის პროგრესს უკრაინაში და ბადებს კითხვებს რუსეთის ჯარის ფუნდამენტურ მზადყოფნასთან დაკავშირებით.
„სიენენის“ ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ საკვები შესაძლოა, იყოს ის თხოვნა, რომლის დასაკმაყოფილებლად ჩინეთი მზად იქნება, რადგან ეს არ არის ლეტალური დახმარება, რაც დასავლეთის მხრიდან შესაძლოა, პროვოკაციულ ნაბიჯად შეფასდეს.
შეგახსენებთ, რომ მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩინეთმა გამოხატა გარკვეული მზაობა, რუსეთს სამხედრო და ფინანსური დახმარება გაუწიოს.
ამასთან, „ფაინენშალ თაიმსის“ ინფორმაციით, რუსეთმა ჩინეთს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, უპილოტო საფრენი აპარატები, სადაზვერვო აღჭურვილობა და ჯავშანტექნიკა სთხოვა.
ორშაბათს რომში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანსა და ჩინეთის წამყვან დიპლომატს, იან ცზეჩის შორის შეხვედრა შედგა. მედიის ცნობით, მოლაპარაკებები შვიდ საათს გრძელდებოდა, ხოლო საუბარი გულწრფელი და დაძაბული იყო.