რუსეთის კავშირი ბერლინში მომხდარ მკვლელობასთან, რომელზეც გერმანიას საუბარი არ სურს, – ასეთი სათაურით აქვეყნებს „სიენენი“ სტატიას ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის შესახებ.
„მკვლელობები ხდება ბერლინში. ეს ხშირი მოვლენა არ არის – გერმანიაში კრიმინალის დონე ამჟამად ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, თუმცა როგორც ყველა სხვა დიდ ქალაქში, შემთხვევითი ძალადობრივი მკვლელობები გარდაუვალია. რაც კიდევ უფრო იშვიათია, როცა ეს ხდება ქალაქის ცენტრში, შუადღით. და რაც ნამდვილად უპრეცედენტოა არის ის შემთხვევა, როდესაც სამიზნე ყოფილი ჩეჩენი მებრძოლია, ეჭვმიტანილი კი სავარაუდოდ რუსეთის მთავრობის მიერ დაქირავებული მკვლელია. სწორედ ეს მოხდა 23 აგვისტოს“, – ნათქვამია სტატიაში.
მასალის ავტორი აღნიშნავს, რომ ეჭვმიტანილი, რომელსაც ჰქონდა რუსული პასპორტი, მკვლელობიდან რამდენიმე საათში დააკავეს. თუმცა ორი თვის შემდეგაც საქმე კვლავ გაურკვეველი რჩება: ეჭვმიტანილი საუბარზე უარს აცხადებს, კრემლი მკვლელობასთან კავშირს უარყოს, გერმანიას კი უტყუარი მტკიცებულებების გარეშე მოსკოვისკენ თითის გაშვერა არ სურს.
„მკვლელობამ ასევე ჩრდილი მოჰფინა ევროპაში მცხოვრებ ათობით ათას სხვა ჩეჩენ მიგრანტს. დეპორტაციისადმი და მზარდი ანტიიმიგრაციული განწყობებისადმი მოწყვლადები, ისინი ამბობენ, რომ მომხდარ ინციდენტზე გერმანიის პასუხს ყურადღებით აკვირდებიან“, – ნათქვამია სტატიაში.
სტატიაში ვრცლად არის მოთხრობილი ზელიმხან ხანგოშვილის ბიოგრაფია. ავტორი წერს, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში იყო ძებნილი ჩეჩნეთის მეორე ომში მონაწილეობისთვის, რა დროსაც ის რუსეთის ფედერაციული ძალების წინააღმდეგ ჩეჩენი ამბოხებულების მხარეს იბრძოდა. სტატიაში აღნიშნულია, რომ 2005 წელს წინააღმდეგობის მოძრაობიდან წასვლის მიუხედავად, მისთვის წარსულისგან მოწყვეტა არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა. ავტორი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში ზელიმხან ხანგოშვილსა და მის ოჯახზე თავდასხმის არაერთი მცდელობა განხორციელდა. 2016 წელს ის ოჯახთან ერთად გერმანიაში ჩავიდა, სადაც თავშესაფრის მიღების იმედი ჰქონდა.
უფლებადამცველი ორგანიზაციის „ვეიფონდის“ ხელმძღვანელის, მანსურ სადულაევის ინფორმაციით, ხანგოშვილმა თავშესაფრის მინიჭების თხოვნით ხელისუფლებას სამჯერ მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
„სიენენის“ სტატიაში აღწერილია ხანგოშვილის თბილისში ცხოვრების პერიოდიც.
„2000-იანი წლების ბოლოს, ხანგოშვილი დასახლდა საქართველოს დედაქალაქ თბილისში. სწორედ მაშინ დაიწყო მასზე თავდასხმები“, – ნათქვამია სტატიაში და აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი პირველი თავდასხმის მცდელობა ზელიმხან ხანგოშვილზე 2009 წელს განხორციელდა.
როგორც „სიენენთან“ „საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდის“ მკვლევარი და ხანგოშვილის მეგობარი, ალექსანდრე კვახაძე ჰყვება, 2009 წელს რუსეთის სპეცსამსახურებთან და ჩეჩნეთის ლიდერთან, რამზან კადიროვთან დაკავშირებულმა ჯგუფმა ხანგოშვილის მოწამვლა სცადა. კვახაძის ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის ჯარის საქართველოში შემოჭრისას ზელიმხან ხანგოშვილმა რუსეთის ძალების წინააღმდეგ საბრძოლველად პანკისის ხეობიდან 200-მდე მოხალისესგან შემდგარი ჯგუფს გაუწია ორგანიზება, რის გამოც რუსეთის მხრიდან მისდამი მტრობა კიდევ უფრო გაძლიერდა.
„სიენენი“ აღნიშნავს, რომ ყოფილ თანამებრძოლებთან კონტაქტები მას 2012 წლის ლაფანყურის ოპერაციის დროს გამოადგა, როდესაც მას მიხეილ სააკაშვილის მთავრობასა და ჩეჩენ და დაღესტნელ მებრძოლებს შორის შუამავლობა დაეკისრა. მისი ძალისხმევის მიუხედავად, ორმხრივ სროლას მაშინ მებრძოლთა ჯგუფის დაახლოებით ნახევარი ემსხვერპლა. ხანგოშვილის მოკვლა 2015 წელსაც სცადეს, როდესაც მას საბურთალოზე ცეცხლი გაუხსნეს. მან ოთხი ჭრილობა მიიღო, თუმცა გადარჩა. „სიენენთან“ ინტერვიუში“ კვახაძე ამბობს, რომ ამ თავდასხმის გამოძიებაში საეჭვო შეუთავსებლობები გამოიკვეთა. კერძოდ, მისი თქმით, სააკაშვილის გუნდის შემდგომ მოსულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ სროლის ადგილას არ იყო ვიდეოკამერები, იმის მიუხედავად, რომ ინციდენტი თბილისის ცენტრში მოხდა. თავდასხმა შეფასებული იყო, როგორც მცირე კრიმინალური ინციდენტი და არა როგორც პოტენციურად პოლიტიკურად მოტივირებული მოვლენა. თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე ხანგოშვილს ჩამოერთვა თავდაცვის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება. საქმის ფარგლებში არ მომხდარა არც ერთი ეჭვმიტანილის დაკავება ან დასახელება. კვახაძის თქმით, ხანგოშვილი დარწმუნებული იყო, რომ თავდასხმის უკან რუსული დაზვერვა იდგა. ის ეჭვობდა, რომ საქართველოს სპეცსამსახურებმა რუსეთს ქვეყანაში ოპერაციის ჩატარების ნება მისცეს.
როგორც „სიენენთან“ ინტერვიუში ზელიმხან ხანგოშვილის ყოფილი ცოლი მანანა ცატიევა ამბობს, დაუცველობის გამო, მას საქართველოს დატოვება მოუწია. ხანგოშვილის ცხოვრება გერმანიაში თავდაპირველად უფრო უსაფრთხო ჩანდა, თუმცა არანაკლებ რთული: თავშესაფრის შესახებ მისი მოთხოვნები უარყოფილი იყო. ცატიევა აღნიშნავს, რომ მკვლელობის შემდეგ გერმანიის ხელისუფლებიდან არავინ დაკავშირებია ხანგოშვილის ოჯახს სამძიმრის გამოსათქმელად ან არასაკმარისი დაცვის გამო ბოდიშის მოსახდელად.
„არ ვფიქრობ, რომ ეს ნორმალურია, როდესაც ადამიანს, რომელიც დაცვას ითხოვს და რომელსაც გერმანიაშია დაცვაზე უარს ეუბნებიან, კლავს პიროვნება სხვა ქვეყნიდან“, – აღნიშნავს ცატიევა.