„სიენენი“ - რუს დაქირავებულ მებრძოლებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ
„სიენენი“ - რუს დაქირავებულ მებრძოლებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ

„სიენენის“ ინფორმაციით, რუს დაქირავებულ მებრძოლებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მოქალაქეების წამებასა და მკვლელობაში ადანაშაულებენ.

როგორც ამერიკული ტელეკომპანიის მიერ მომზადებული საგამოძიებო რეპორტაჟიდან ირკვევა, რუსმა დაქირავებულმა მებრძოლებმა, რომლებიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფებიან, ქვეყნის ხელისუფლების დავალებით მეამბოხეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარეს, რასაც მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები ემსხვერპლნენ.

ჟურნალისტებს ადგილობრივმა მოსახლეობამ განუცხადა, რომ ინციდენტი თებერვალში ქალაქ ბამბარიში მოხდა. რეპორტიორების მიერ მოპოვებული ცნობების მიხედვით, ბამბარიში მოკლეს სულ მცირე 20 ადამიანი.

ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, მათ ასევე გამოიძიეს სხვა მსგავსი შემთხვევები, რა დროსაც რუსი დაქირავებული მებრძოლების მხრიდან ადამიანების უფლებების უხეში დარღვევები გამოვლინდა. ამას ადასტურებს გაერო-ს ანგარიში, რომელიც ტელეკომპანიის ჟურნალისტებს ჩაუვარდათ ხელში და რომელშიც რუს დაქირავებულ მებრძოლებს სხვადასხვა დანაშაულში სდებენ ბრალს, მათ შორის არის მკვლელობები, გაუპატიურება, წამება, სახლების დაწვა და მოსახლეობის კუთვნილი სხვადასხვა ნივთის მოპარვა.

ამავე ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ასევე იმყოფებიან სირიელი დაქირავებული მებრძოლები, რომლებიც რუსების მხარდამხარ იბრძვიან. ისინი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სავარაუდოდ ლიბიიდან ჩავიდნენ. გაერო-ს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ამჟამად 2 300 დაქირავებული მებრძოლი იმყოფება.

ამავე დოკუმენტის თანახმად, რუსები აღჭურვილნი არიან დაჯავშნილი მანქანებით, საბრძოლო ვერტმფრენებით და დრონებით. აღსანიშნავია, რომ მანამდე „სიენენმა“ მოამზადა კიდევ ერთი საგამოძიები რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მყოფი რუსი დაქირავებული მებრძოლები პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენის ევგენი პრიგოჟინის კომპანიებს მფარველობენ, რომლებიც ძვირფასი მინერალების მოპოვებაში არიან ჩართული.

„სიენენის“ ცნობით, მინერალების მოსაპოვებლად კომპანიებს სჭირდებათ კონტროლირებადი ტერიტორიები. ჟურნალისტების ცნობით, რუსი დაქირავებული მებრძოლები ძირითადად იმ რაიონებში არიან დისლოცირებული, სადაც ძვირფასი მინერალების კონცენტრაცია დიდია. მაგალითისთვის, ქალაქი ბამბარი, სადაც რუსმა მებრძოლებმა სპეცოპერაცია ჩაატარეს, ოქროს საბადოს სიახლოვეს მდებარეობს.